Aa Aa
26 ივლისი 2024  |  15:41

Rivian: წლის ყველაზე „დამაკმაყოფილებელი“ ავტომობილი

როგორც J.D. Power-ის ახალი კვლევით დადგინდა, ყველაზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ავტომწარმოებლებს შორის Rivian-ს, ხოლო ახალ ავტომობილებს შორის BMW-ის მეშვიდე სერიას ჰყავს.

ამერიკულმა ანალიტიკურმა ფირმა J.D. Power-მა მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით ავტომწარმოებლების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში მძღოლებს სთხოვეს ავტომობილები შეეფასებინათ, როგორც წარმადობისა და შესაძლებლობების, ასევე შიდა და გარე დიზაინის, მართვის დინამიკის, კომფორტულობისა და ტექნოლოგიური გამართულობის მიხედვით.

წლევანდელი მონაცემებით, ორწლიანი უპრეცედენტო ვარდნის შემდეგ, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე აღდგა. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი კმაყოფილების რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი ორი პუნქტით - 847 ქულამდე გაიზარდა.

საინტერესოა, რომ იმ ელექტრომობილებით კმაყოფილება, რომელიც Tesla-ს მიერ წარმოებული არაა, წელს ყველა დროის მაქსიმუმზეა. ამ EV-ების მფლობელთა კმაყოფილების დონე 877 ქულით განისაზღვრა, როდესაც მხოლოდ Tesla-მ 870 ქულის მოპოვება შეძლო.

J.D. Power-ის წარმომადგენლების განცხადებით, ავტომწარმოებლები ითვალისწინებენ მომხმარებელთა სურვილებს, აუმჯობესებენ მანქანების შესაძლებლობებს და მაქსიმალურად ცდილობენ მძღოლების მოთხოვნებზე მორგებული განახლებები წარმოადგინონ.

ამასთან ერთად, როგორც ახალი კვლევიდან გამოჩნდა, მომხმარებლებს არ მოსწონთ საინფორმაციო-გასართობი სისტემები (805 ქულა) და მის ნაცვლად უპირატესობას Android Auto-სა (832) და Apple CarPlay-ს (840) ანიჭებს. ამის მიზეზი შესაძლოა დიზაინის სიმარტივე და სმარტფონების სისტემასთან მათი მსგავსებაა.

კმაყოფილებაზე საუბრისას ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი ადამიანებს პრემიუმ ბრენდები უფრო მეტად მოსწონთ - რეიტინგში ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლები საშუალოდ 870 ქულას აგროვებენ, რაც ბევრად აღემატება მასობრივი ბაზრის საშუალო მაჩვენებელს, 838 ქულას.

საერთო ჯამში, პრემიუმ ბრენდებს შორის, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონით Rivian-ი, Porsche და Jaguar-ი ლიდერობენ. Polestar-ი კი სიის ბოლოშია. რაც შეეხება ავტომობილებს, ამ შემთხვევაში მომხმარებელთა რჩეული BMW-ის მეშვიდე სერია გახდა. კვლევის მიხედვით, BMW-ის სხვა მოდელებიც მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს, მათ შორის მეორე სერია, iX და X4.

 

გაზიარება: