Nissan, Mazda, Subaru, Honda, Toyota, Mitsubishi
Aa
Aa

ახალი ალიანსი: Honda-Nissan-Mitsubishi ერთიანდება

Honda და Nissan-ი ერთად უკვე მუშაობენ, მათ კი მალე სავარაუდოდ Mitsubishi-იც შეუერთდება.

ავტოინდუსტრიაში კონკურენცია ყოველდღიურად ძლიერდება. ავტომწარმოებლები მოდელების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, ამავდროულად კი ცდილობენ მოერგონ მკაცრ რეგულაციებს - გამონაბოლქვზე დაწესებული შეზღუდვებით დაწყებული, ხმაურის დონით დასრულებული.

ამ კონკურენციის ფონზე, ავტომწარმოებელთა გარკვეული ნაწილი გაერთიანებასაც კი ამჯობინებს. ასე მოხდა Honda-სა და Nissan-ის შემთხვევაში, რომელთაც უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი წევრი - Mitsubishi-იც შეემატოთ.

Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Mitsubishi უახლოეს მომავალში Honda-სა და Nissan-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში გაწევრიანებას განიხილავს. მარტის შუა რიცხვებში გასაჯაროებული შეთანხმების თავდაპირველი გეგმის თანახმად, თანამშრომლობა „საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმებისა და ელექტრომობილების ძირითადი კომპონენტების“ განვითარებასა და წარმოებაზე იქნება ფოკუსირებული.

ალიანსში მესამე იაპონური ბრენდის გაწევრიანება კი საკმაოდ ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Nissan-ი Mitsubishi-ში 34%-იან წილს ფლობს.

სხვადასხვა გამოცემების ცნობით, Mitsubishi-მ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ Mitsubishi-ის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე კომპანიის აქციების ფასი 6.3%-ით გაიზარდა, Nissan-ის 2.8%-ით, ხოლო Honda-ს 2.6%-ით.

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიები კვლევებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებასა და ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარებაზე იმუშავებენ. სამომავლო გეგმებსა და ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ გასაჯაროებულა. აქვე უნდა ითქვას, რომ Nissan-ი და Mitsubishi 1999 წლიდან თანამშრომლობენ.

საინტერესოა ისიც, რომ წელს უკვე მეორე იაპონური ტრიო ვიხილეთ. რამდენიმე თვის წინ, ახალი თაობის შიგა წვის ძრავების პროექტებზე სამუშაოდ Toyota, Mazda, და Subaru-ც გაერთიანდნენ. თუ როგორ გეგმავენ ავტომწარმოებლები შიგა წვის ძრავებისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, შეგიძლიათ ჩვენი სტატიიდან გაიგოთ.

მსგავსი სიახლეები