Aa Aa
30 ივლისი 2024  |  13:26

თაღლითობა Ferrari-ის დირექტორის გაყალბებული ხმით

კრიმინალებმა Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორის ხმა გააყალბა და კომპანიის სახელით თაღლითობა სცადეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დაცვის მექანიზმებიც იმატებს, თუმცა, ახალი საფრთხეებიც ჩნდება, რომელთან გამკლავებაც რიგით მოქალაქეებთან ერთად, დიდ კომპანიებსაც უწევთ ხოლმე. თუ ადრე, მსგავსი დანაშაულებისთვის აქტიურად Photoshop-ი გამოიყენებოდა ახლა, თაღლითებმა ახალი საშუალებების - მათ შორის ხმის და ვიდეომასალების გაყალბებაც დაიწყეს.

სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა იტალიური ავტომწარმოებელი, კერძოდ კი Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტო ვინია, რომლის ხმის გაყალბებაც, კრიმინალთა ჯგუფმა კომპანიის სახელით თაღლითობისთვის სცადა. ვინიას შეცვლილი ხმით შეტყობინებები WhatsApp-ის საშუალებით კომპანიის სხვა აღმასრულებლებთან გაიგზავნა.

თუმცა, ეს შეტყობინებები ვინიას პირადი ნომრიდან არ მოდიოდა, რამაც Ferrari-ის გუნდში ეჭვები გააჩინა. თუმცა, თაღლითი მათთვის ამ ფაქტის ახსნას დამაჯერებლად ცდილობდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის აღმასრულებლების დარწმუნება მან ვერ შეძლო და ვერც მათ მიერ დასმულ რამდენიმე ჩამჭრელ შეკითხვასაც ვერ უპასუხა.

მათ შორის, ერთ-ერთმა აღმასრულებელმა თაღლითს სთხოვა დაესახელებინა წიგნი, რომელიც ბოლოს მან ვინიას ურჩია. თაღლითმა ამ კითხვას ვერ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. უცნობია თუ რის მიღწევას ცდილობდნენ კრიმინალები, თუმცა შეტყობინებებში ისინი აქტიურად იყენებდნენ სიტყვებს - „შესყიდვა“ და „დისკრეცია“.

ავტოინდუსტრიაში კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება. ამის პარალელურად კი ავტომწარმოებლები ხშირად ხდებიან როგორც თაღლითობის, ასევე კიბერთავდასხმების ობიექტებიც. თანამედროვე რისკებისგან თავდასაცავად, სამომავლოდ კომპანიებს დაცვის საშუალებების უფრო მეტად გაუმჯობესება და დახვეწა მოუწევთ.

გაზიარება: