Porsche, 911
Aa
Aa

Porsche-ც კი აღიარებს, რომ ახალი 911 ზედმეტად დიდი ზომისაა

კომპანიის დიზაინის ხელმძღვანელს უფრო კომპაქტური 911-ის შექმნა სურს, მაგრამ ეს შიგაწვის ძრავის ეპოქაში აღარ მოხდება.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნებისმიერი მოდელის ახალი თაობა ზომაში იზრდება. უკვე ათწლეულებია, რაც ასეთი რეალობა გვაქვს. ეს ყოველივე კი უსაფრთხოების რეგულაციებით და სტანდარტებითაა გამოწვეული. ამას ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებაც ემატება, რის შედეგადაც მანქანები სუქდება და სუქდება. ამ დაუსრულებელ პროგრესიას წონის მნიშვნელოვნად მატებაც დაემატა. ერთ დროს პატარა და სხარტი სპორტული მანქანები ახლა მძიმე და დიდი ზომის მანქანებად გვევლინებიან.

Porsche-ში ამ ტენდენციის შესახებ კარგად არიან გათვითცნობიერებულები მაგრამ ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათ უბრალოდ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. ავსტრალიულ გამოცემა Drive-ში „პორშეს“ დიზაინის ხელმძღვანელმა, მაიკლ მაუერმა განმარტა, რომ 911-ის სიგრძეში და სიგანეში გაზრდა ახალი კანონების და რეგულაციების გამო მოხდა. სიმძლავრის გაზრდის გამო, ინჟინრებს დიდი ზომის დისკებისა და სამუხრუჭე სისტემის დაყენებაც გაუხდათ საჭირო. „დიდი სიმძლავრე ხომ დიდი პასუხისმგებლობაა?"



Porsche-ს თავად სურს უფრო მცირე ზომის 911 გამოუშვას, მაგრამ ეს შიგაწვის ძრავის ამჟამინდელ ეპოქაში ვერ მიიღწევა. მაუერის თქმით, თუ ელექტრო ბატარეები ზომაში დაპატავდება, მაშინ ამას მანქანების გაბარიტების შემცირებაც მოჰყვება. სხვათა შორის, კომპანიამ ამ ათწლეულში სრულად ელექტრო 911-ის გამოშვება გადაიფიქრა. ის თუ როგორ ავტომობილი იქნება 911 შიგაწვის ძრავის გარეშე 2030-იან წლებში ვიხილავთ.

იდეალურ სამყაროში, მაუერს სურს, რომ 911 „რაც შეიძლება კომპაქტური იყოს“ და „კომპაქტური სპორტული ავტომობილის“ ფესვებს დაუბრუნდეს. 


იქამდე კი გეტყვით, რომ უახლესი 992.2 თაობის 911-ში წონა კიდევ გაიზარდა. Carrera GTS-ი ახლა ჰიბრიდია და მისი დამატებითი ელექტრო კომპონენტებით წონა 50 კგ-ით გაიზარდა. ჯამში ის 1 603 კგ იწონის. სრულად ამძრავ ვერსიაში კი 1 650 კგ-მდეც აღწევს. შედარებისთვის, 1972 წელს გამოსული 911 Carrera RS 2.7 მხოლოდ და მხოლოდ 960 კგ-ს იწონიდა. თუ ამ წონის მანქანის ყიდვა გსურთ, მაშინ Mazda MX-5-ია ალტერნატივა. თუმცა, იაპონური Miata გერმანული 911-ის პირდაპირ კონკურენტი არასდროს ყოფილა.

მსგავსი სიახლეები