BMW M5 Touring-ის დებიუტი აგვისტოში შედგება
ეს იქნება M-ის პირველი უნივერსალი, რომელიც აშშ-ში გაიყიდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უიშვიათესი, E34 თაობის M5 Touring-ი არასდროს გაყიდულა. მწარმოებელმა ამერიკელებს გრძელსახურავიანი E61 M5-ის მიყიდვაზეც უარი უთხრა. ამერიკაში არც უახლესი M3 Touring-ი იყიდება. თუმცა, ბავარიელებს ყველა ეს ცოდვა მიუტევეს. მიზეზი ისაა, რომ ახალ M5 Touring-ს ამერიკის ვიზა იქნება. G99 სახელით წარმოებული მოდელის დებიუტი 15 აგვისტოს, Pebble Beach Concours d’Elegance-ის ღონისძიებაზე უნდა შედგეს.
მართალია უნივერსალი ძარის მესამე და მეხუთე სერიებში BMW ტერმინ Sport Wagon-ს იყენებდა, მაგრამ ახლა ასეთი ტიპის ავტომობილებს Touring-ს უწოდებს. ეს ტერმინი უფრო მეტად ევროპაშია პოპულარული. რიგით მესამე M5 Touring-ის წარმოება ნოემბერში დაიწყება. მყიდველები კი მათ საჭეებს მომავალ გაზაფხულზე მოირგებენ.
ამ მანქანის მახასიათებლებთან დაკავშირებით ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა, მაღალი ალბათობით, ის ზუსტად ისეთი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება, როგორიც მისი სედანი ვერსიაა. შეგახსენებთ, რომ ახალი M5 4.4-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ელექტრო აგრეგატთან ერთად 717 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ბენზინის ძრავის გარეშე კი მანქანა, ელექტრო რეჟიმით, 40 კილომეტრს ფარავს.
ყველა ეს მონაცემი კარგად ჟღერს, სანამ ავტომობილის წონის შესახებ არ ვიგებთ. ახალ თაობაში წონა რეკორდულად გაიზარდა და 2 400 კილოგრამს გადააჭარბა. მაღალი ალბათობით, უნივერსალ ვერსიაში ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი მძიმე სედანი 100 კმ/სთ-ს 3.4 წამში ავითარებს, რაც საოცარი შედეგია.
რა ეღირება ეს სიამოვნება? ახალი M5-ის ფასი 120 000$-დან იწყება. სრული კომპლექტაციით აღჭურვილი მოდელის სანაცვლოდ კი მსურველებს 141 365$-ის დათმობა მოუწევთ.