S-Class-ს და EQS-ს გაყიდვების ჩავარდნა აქვს
Mercedes-ი შექმნილ ვითარებას გეოპოლიტიკურ, მიკრო და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს აბრალებს.
Mercedes-Benz-ი ორი მდიდრული სედანის, S-Class-ისა და EQS-ის წარმოების შემცირებას გეგმავს. მწარმოებლის ამ ორ მოდელზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, თავდაპირველად, ჭორის დონეზე გავრცელდა. თუმცა, ახლა წარმოების ცვლილებასთან დაკავშირებით „ბენცმა“ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. „მერსედესის“ ეს ორივე მოდელი „ქარხანა 56-ში“, ზინდელფინგენში იწყობა. იქ ორ ცვლაში მუშაობენ. ოქტომბერში კი საწარმო ერთ ცვლაზე გადადის.
„ჩვენ საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციას ვაპირებთ, რათა მოქნილობა არ დავკარგოთ შექმნილი პოლიტიკური, მიკრო და მაკრო ეკონომიკური ფაქტორებისადმი,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. „შესაბამისად, ვგეგმავთ, ზინდელფინგენის ქარხნის წარმოებაში ცვლილებები შევიტანოთ.“
S-Class-ის გაყიდვები წლის პირველ ნახევარში 22%-ით დაეცა. ამ პერიოდში სულ 28 100 ავტომობილი გაიყიდა. უცნობია, რა ბედი ეწევათ თანამშრომლებს, რომლებიც მეორე ცვლაში იყვნენ დასაქმებულები.
Mercedes-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საწარმო ძალზედ მოქნილია და საჭიროების შემთხვევაში ორცვლიან სამუშაო პროცესს უპრობლემოდ დაუბრუნდება.
როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული ახალ S-Class-ზე და EQS-ზე მოთხოვნის შემცირება? დააფიქსირეთ აზრი კომენტარებში.