Golf GTI, შიგაწვის ძრავა, Golf, Volkswagen, Golf R, Volkswagen Golf, Mk7 Golf
Aa
Aa

VW-ი შიგაწვის Golf-ებს კიდევ 10 წელი შეინარჩუნებს

მიუხედავად იმისა, რომ სრულად ელექტრო Golf-ის გამოშვება 2026 წლისთვის უკვე დაანონსებულია, როგორც ჩანს Volkswagen-ი შიგაწვის ძრავებს ბოლომდე მაინც ვერ ეშვება. უფრო მეტიც, ავტომწარმოებელმა ეს მიდგომა შესაძლოა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც კი შეინარჩუნოს და ელექტროსთან ერთად ბაზარს შიგაწვის ძრავაზე მომუშავე Golf-ებიც შესთავაზოს.

VW-ის ინჟინერ კაი გრუნიცის მიერ გაკეთებული განცხადებით, დღევანდელი ვერსიით Golf-ის წარმოება შესაძლოა იმ დრომდე გაგრძელდეს, სანამ ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციები ძალაში არ შევა. როგორც იცით, ევროკავშირი 2035 წლიდან შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას სრულად აკრძალავს, შესაბამისად, „ტრადიციული“ Golf-ების გამოშვება უკვე არაკანონიერ ქმედებად ჩაითვლება.

საინტერესოა, რომ Golf-მა თავისი სპორტული GTI და R-ვერსიები, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის, ახლახან განაახლა. თუმცა, თუ ავტომწარმოებელს ამ მოდელის შენარჩუნება სურს, მაშინ მომავალში მისი განახლება კვლავ დასჭირდება.

თუ Volkswagen-ი ყველაფერს გეგმის მიხედვით შეასრულებს, მაშინ 2035 წლამდე გამოშვებული შიგაწვის ძრავის მოდელები კვლავ იქნება კავშირში MQB-ის ბაზაზე შექმნილ 2017 წლის Mk7 Golf-თან. თუმცა, ელექტრო Golf-ები სრულად ახალ პლატფორმას გამოიყენებენ, რომლებიც ავტომწარმოებელმა სპეციალურად EV-ებისთვის შექმნა.

ეს გადაწყვეტილება VW-ს შესაძლოა ელექტრომობილებზე არსებულმა მოთხოვნამ მიაღებინა, რომელიც არც თუ ისე მაღალია, როგორსაც მოელოდნენ. ავტომწარმოებელი შეიძლება თვლის, რომ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოებით შემოსავლების ზრდას შეძლებს. თანაც მაშინ, როდესაც Golf-ი მძღოლებში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2024 წლის მოცემულობით, ევროპის ბაზარზე Golf-ების გაყიდვები 43%-ითაა გაზრდილი. შედეგად, Golf-ი მეორე ყველაზე გაყიდვაში ავტომობილი გახდა Dacia Sandero-ს შემდეგ.

მსგავსი სიახლეები