ძრავა, Toyota, Toyota 2JZ, 2JZ
Aa
Aa

240 000-კილომეტრიანი გარბენის მქონე 2JZ შიგნით ახალივითაა

ამ ძრავაში სულ რაღაც 250$ გადაიხადეს.

როდესაც ვიღაც Toyota 2JZ-ს ახსენებს, ალბათ მაშინვე Supra-ზე იწყებთ ფიქრს. ეს ის ძრავაა, რომელმაც მეოთხე თაობის Supra მართლაც უკვდავ ლეგენდად აქცია. თუმცა, 2JZ-ით სხვა ბევრი ავტომობილია აღჭურვილი. ქვემოთ მიბმულ ვიდეოში ნაჩვენები აგრეგატი 2005 წლის Lexus GS300-ისაა. ის I Do Cars-ის YouTube არხზე დაშალეს და შიდა დეტალები დაათვალიერეს.

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს 2JZ ტურბინიანი არ არის. ის ატმოსფერულია. ეს ნიშნავს, რომ ძრავას მაღალ წნევაზე არასდროს უმუშავია. ამას ისიც ემატება, რომ GS300-ს, როგორც წესი, სპორტული ან სადისტური დანიშნულებით არავინ ყიდულობს. ამ მხრივ მოთხოვნა უფრო ტურბინიან 2JZ-ებზეა. ალბათ, ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ ამ მეორად ძრავაში 250$-ია გადახდილი.

ძრავის გახსნას ორმაგი დანიშნულება ჰქონდა. პირველ რიგში, უბრალოდ საინტერესოა რა ხდება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძრავის შიგნით. მეორეს მხრივ, კი ეს ძრავა IS300-ის საპროექტო ავტომობილში უნდა განათავსონ. მისგან კი ქარხნულ 220 ცხენის ძალაზე მეტს ითხოვენ. ამიტომ სანახავი იყო ისიც, თუ რამდენად მზად გახლდათ მაღალი მოთხოვნებისთვის ძრავის შიდა დეტალები.

როდესაც ეს ძრავა მანქანიდან ამოიღეს, ოდომეტრზე 150 000 მილი, ანუ 240 000 კილომეტრი იყო გამოსახული. თუმცა, თუ თქვენ მხოლოდ გახსნილ ძრავას ნახავდით, ამ გარბენის დაჯერება აუცილებლად გაგიჭირდებოდათ. ამ 2JZ-ის შიგნით ყველაფერი ახალივით გამოიყურება. თავაკი და მანაწილებელი ლილვები საოცრად სუფთაა. ცილინდრები სარკესავით პრიალებს. იგივე ითქმის მუხლა ლილვზე, დგუშებზე, ბარბაცებზე და ა.შ. ჭანჭიკებიც კი თავისუფლად იხსნება.

იაპონური ბრენდი დღესაც საკმაოდ გამძლე ძრავებს აწარმოებს, თუმცა, ეს ვიდეო ზუსტად იმ ფესვებს გვახსენებს, საიდანაც Toyota-ს უკვდავი რეპუტაცია შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები