Aa Aa
5 აგვისტო 2024  |  14:08

ჩინური ელექტრომობილები ევროპულ ბაზარს იპყრობენ

ჩინური ავტომწარმოებლები ევროპულ ბაზარზე ახალი რეკორდებისკენ მიისწრაფვიან. 

მაღალი ტარიფების მიუხედავად, ჩინური ავტომწარმოებლები ევროპის ბაზარზე დომინანტობისთვის იბრძვიან. ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფები, გარკვეულ შემთხვევებში, 38%-საც კი აღწევს, რაც მათ ნაწარმზე გაზრდილ ფასშიც გამოიხატება, თუმცა ეს ჩინურ კომპანიებს ახალი რეკორდების დამყარებაში ხელს სულაც არ უშლის.

2024 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ევროპული ბაზრის რეკორდული წილი, 11% დაიკავეს. გაზრდილი ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე ევროპამ გასულ თვეში დააწესა, რის გამოც, 5 ივლისამდე გაყიდულ ავტომობილებს ახალი რეგულაციები არ შეხებიათ. მხოლოდ ივნისის თვეში, ევროპის მასშტაბით, ჩინურმა კომპანიებმა 23 000-ზე მეტი ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი (BEV) დაარეგისტრირეს.

გაზრდილი ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკომისიის გამოძიების შემდეგ დაწესდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ჩინეთის მთავრობამ ელექტრომობილების მწარმოებლებზე მაღალი სუბსიდიები გასცა, ფინანსური დახმარების ყველაზე დიდი წილი კი MG-ის მფლობელმა კომპანია SAIC-მა მიიღო. აქედან გამომდინარე, ყველაზე მაღალი ტარიფი - 38.1% ევროკავშირმა სწორედ SAIC-ზე დააწესა, პლუს დამატებითი 10% ყველა იმპორტირებულ EV-ზე.

ამის მიუხედავად, SAIC-მა ევროპის ბაზარზე იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა რეკორდულად გაზარდა. JATO Dynamics-ს მონაცემებით, ივნისის თვეში ევროპაში MG-ის მიერ წარმოებული 13,366 ელექტრომობილი დარეგისტრირდა.

ელექტრომობილების კიდევ ერთ მსხვილ მწარმოებელზე, BYD-ზე, ევროპაში 17%-იანი ტარიფია დაწესებული. თუმცა, დიდწილად ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული კამპანიების გავლენით, რეგიონში BYD-ების გაყიდვები გაიზარდა. ივნისში ავტომწარმოებელმა 4,000 ელექტრომობილი გაყიდა.

მონაცემებიდან ჩანს, რომ მაღალი ტარიფების მიუხედავადაც, ჩინური ავტომწარმოებლები ევროპის ბაზარზე დომინაციის მოპოვებისთვის იბრძვიან. უახლოეს პერიოდში კი, რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, მათი გაყიდვები რეგიონში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გაზიარება: