Mercedes-Benz, ელექტრომობილი, ხანძარი, Mercedes-Benz EQE, EQE
Aa
Aa

ელექტრო Mercedes-ის დაწვის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ხანძრის ჩაქრობას 8 საათი დასჭირდა, დაზიანდა 70-მდე ავტომობილი.

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომზე Mercedes-Benz EQE აფეთქდა. აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანდა 70-მდე ავტომობილი, კვამლით მოწამვლის გამო კი, 21 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ინციდენტი მიწისქვეშა ავტოფარეხში დამონტაჟებულმა CCTV კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს თეთრი ფერის ელექტროსედანი, რომელიც სავარაუდოდ დენის წყაროსთანაა შეერთებული, თუმცა არ იმუხტება. EQE-ს ჯერ მხოლოდ კვამლი ასდის, რამდენიმე წამში კი ფეთქდება და გაჩენილი ხანძარიც მალევე იქვე დაპარკინგებულ სხვა ავტომობილებზე ვრცელდება.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით 6:15 წუთზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 117 მაშველ-მეხანძრე იყო მობილიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 8 საათი დასჭირდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაჩენილი ხანძრის მართვა, რიგ შემთხვევებში, ბევრად უფრო რთული პროცესია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შიგაწვის მანქანებისთვის ხანძრის გაჩენის შემთხვევები ბევრად უფრო ხშირია.

ძლიერი დაკვამლიანების გამო საცხოვრებელი კომპლექსიდან 209 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი დიდი ნაწილი მეხანძრეებმა შენობიდან აივნების საშუალებით გამოიყვანეს. ხანძრის შედეგად, კორპუსის 20 მაცხოვრებელი და ერთი მეხანძრე კვამლით მოიწამლა.

Mercedes-Benz-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა მომხდარს უკვე გამოეხმაურა: „ამ ეტაპისთვის კონკრეტული საკითხების დაზუსტება არ შეგვიძლია. ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან, რათა დავადგინოთ, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი“.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე პოლიციამ და სახანძრო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავტომობილი, შესაძლოა აფეთქებამდე ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მისი ბატარეა დაზიანდა. თუმცა, ეს ვარაუდი, ამ ეტაპისთვის, ავტომობილის მფლობელს არ დაუდასტურებია. ცნობისთვის, EQE-ს სედანი CATL-ის ლითიუმ-იონური ბატარეის პაკეტს - 90.6 კვტ/სთ სიმძლავრით.

მსგავსი სიახლეები