Aa Aa
6 აგვისტო 2024  |  12:07

Le Mans-ის ვინტაჟური Ferrari ცეცხლში დაიწვა

Ferrari-ის ვინტაჟური მანქანები, თანაც წარმატებული ისტორიით, საკმაოდ დიდი იშვიათობა გახდა. ამიტომაც, მსგავსი მანქანების ასეთ მდგომარეობაში ხილვა, ყველასთვის დასანანია.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალები, რომელზედაც ცეცხლწაკიდებული 1971 წლის Ferrari 512M-ი ჩანს. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელსაც სემ პოზი, იმავე წლის Le Mans 24-ზე მართავდა და რომლითაც საპრიზო, მესამე ადგილიც მოიპოვა. გასულ თვეში მანქანა Watkins Glen International-ის რბოლაშიც მონაწილეობდა.

ამ ეტაპისთვის გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია მანქანისთვის ცეცხლის გაჩენა. ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დაზიანებული საწვავსადენი სახელდება. ვიდეოში მხოლოდ ცეცხლწაკიდებული Ferrari ჩანს, ხოლო როგორც ფოტოებიდან ირკვევა ავტომობილის ძარას გაჩერებისას უკვე ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული, შემდეგ კი შესაბამისი ეკიპაჟიც გამოჩნდა, რომელმაც ხანძარი ჩააქრო. ფოტოებზე ჩანს მძღოლიც, რომელიც მანქანიდან უვნებელი გადმოვიდა.

ცნობისთვის, სემ პოზიმ Ferrari 512M-ით NART-ისთვის 1971 წელს იასპარეზა. შემდგომში პოზი უკვე ტონი ადამოვიჩთან გაერთიანდა და 1973 წელს, Le Mans 24-ზე მასთან ერთად მესამე პოზიციაც დაიკავა. მანქანა, რომელიც 512S-ის შეცვლილი ვერსიაა, 5.0-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი. ამ ეტაპისთვის დადგენილი არაა თუ რა ტიპის ზარალი მიადგა ავტომობილს.

თუმცა ფაქტია, რომ მისი შეკეთება იაფი მფლობელს ნამდვილად არ დაუჯდება. ეკიპაჟის მოსვლამდე ავტომობილი დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში ცეცხლში იყო გახვეული, რაც დიდი ალბათობით, მის კორპუსსაც დააზიანებდა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დაველოდოთ და ვნახოთ, კვლავ დაბრუნდება თუ არა Ferrari 512M ტრასაზე.

გაზიარება: