Tesla-ს ტანკი ცნობილ „გამძლეობის ბრძოლაში“ გაანადგურეს
ავტომობილებზე ცნობილმა მოძალადემ, F-150-ის „თრევისას“, Cybertruck-ი „დაშალა“.
„იუთუბერებს“ შორის ალბათ მანქანებზე ძალადობით ყველაზე ცნობილი WhistlinDiesel-ის არხია. სულ ახლახან კრეატორების ჯგუფმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მათი არსებობის განმავლობაში პირველად, Tesla-ს ტანკადწოდებული Cybertruck-ი მონაწილეობს.
ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ „იუთუბერებს“ Cybertruck-ის ოდნაც დანდობაც კი თავში არ მოსვლიათ და ის უსასტიკეს „გამძლეობის ბრძოლაში“ გაატარეს. რთულად სათქმელია, რომ ავტომობილმა ტესტირებას გაუძლო, თუმცა შედეგების შეფასება თქვენთვის მოგვინდია.
Cybertruck-ი ბაზრისთვის ახალი ნამდვილად არაა. წლების გასვლის მიუხედავადაც, საზოგადოების აზრი ავტომობილის მიმართ ორადაა გაყოფილი - ზოგს მოსწონს, ცნობილი ადამიანების ნაწილი ფლობს კიდეც, თუმცა მოძულეებიც ბლომად ჰყავს. თავად Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი კი, Cybertruck-ს ჯავშანტრანსპორტიორს უწოდებს.
ერთ-ერთი დაბრკოლებისას, Detwiler-ის Ford F-150 დიდ მილებზე გაიჭედება, რის გამოც, გადამღები ჯგუფი მის Cybertruck-ისთვის მობმას გადაწყვეტს. თუმცა, F-150-ის „თრევისას“ Tesla-ს ტანკი ზიანდება - უფრო კონკრეტულად სამაგრი იშლება და Cybertruck-ს ძარის მთლიანი ნაწილი ძვრება. როგორც წესი, მანქანებში ეს ნაწილი განსაკუთრებით გამძლეა, რადგან ხშირად სწორედ სხვა მანქანების ჩაბმისთვის გამოიყენება.
ასეთ შემთხვევებში, ჩარჩოები, როგორც წესი, იკეცება და არ იშლება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში Cybertruck-ის ჩარჩო ჩამოიშალა, რაც ამ მანქანის შესაძლებლობებზე არც თუ ისე კარგ შთაბეჭდილებებს ტოვებს.
თუმცა, ამის მიუხედავადაც, Cybertruck-ის ბევრი დამცველი ამტკიცებს, რომ მანქანის ჩარჩო ამ დროს შესაძლოა უკვე დაზიანებულიც კი იყო, რადგან ავტომობილი თავდაპირველად გადასაღებ ტერიტორიამდე მსუბუქი სატვირთოთი მიიტანეს. სატვირთოდან ჩამოგორებისას კი ის, ბეტონზე საკმაოდ მძიმედ დაეცა, რაც მისი დაზიანების ალბათობასაც ზრდის.
ის ფაქტიც, რომ Cybertruck-ი წარსულშიც ბევრ „იუთუბერს“ გამოუცდია, მისი დამცველების ვარაუდებს კიდევ უფრო ამყარებს. მაგრამ მაინც, ეს შემთხვევა, Tesla-ს ტანკის სტატუსზე კარგად არ უნდა მეტყველებდეს.