AMG-ის 4-ცილინდრიანი ძრავები მალე „სმარტფონივით“ პოპულარული იქნება?
იყო დრო, როდესაც ხალხს უღილაკო „სმარტფონები“ არ მოსწონდათ, ახლა კი ყველა იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ AMG-ი 4-ცილინდრიან ძრავებს უკვე წლებია აწარმოებს, პურისტები CLA45-ისა და GLA45-ის 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვას მაინც კრიტიკულად უყურებენ. ამას ისიც დაემატა, რომ უახლესი C63-ისა და GLC63-ის ძრავებში მხოლოდ ოთხი დგუში მოძრაობს და ელექტრო სისტემა ეხმარება. მიუხედავად ასეთი განწყობისა, Mercedes-ი მიიჩნევს, რომ AMG-ის მცირე მოცულობის ძრავებს მიჩვევა სჭირდება.
Carsales-ის ჟურნალთან ინტერვიუში, Mercedes-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მენეჯერმა ეს ტენდენცია უღილაკო სმარტფონებსაც შეადარა. ჯეიმი ქოუენის აზრით, ხალხს დიდეკრანიანი სმარტფონების ათვისებაც უჭირდა, თუმცა თანამედროვე მსოფლიომ აჩვენა თუ რამდენად წარმატებული პროდუქტია ის.
ქოუენის აზრით, იგივე მოხდა ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაშიც. მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მოდელებს მწარმოებლები თითქმის აღარ აწარმოებენ. ამ გარდამავალი ეტაპის გადალახვა კი მოყვარულებისთვის რთული გამოდგა. თუმცა, პრემიუმ ბრენდებში მაინც არის გამონაკლისები. მაგალითად, BMW M მოდელებს დღემდე უშვებს მექანიკური კოლოფით.
ქოუენი Mercedes-ის პირველი მაღალი რანგის მენეჯერი არ არის, რომელიც ელექტრიფიცირებული 4-ცილინდრიანი კონფიგურაციის სიდიადეზე საუბრობს. გასულ თვეში AMG-ის ხელმძღვანელმა, მაიკლ შიბამ თქვა, რომ „მომხმარებლის გარკვეული ნაწილისთვის, ახალი ტექნოლოგიის აღიარება და დაფასება გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული“. მან დასძინა ისიც, რომ „როდესაც საქმე ტექნოლოგიას ეხება მნიშვნელოვანია მიმღებლობა გამოვიჩინოთ“.
AMG-ში მიიჩნევენ იმასაც, რომ მაღალი წარმადობის მქონე მოდელების 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავებითა და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, ზუსტად ისეთ შედეგებს გვაძლევს, როგორც „ძველი“ V8. Mercedes-ში ფიქრობენ, რომ მცირე მოცულობის მქონე ძრავების კონფიგურაციები ძალზედ სწრაფად ვითარდება. პროგრესს კი ყველა მწარმოებელმა უნდა აუწყოს ფეხი.
იზიარებთ თუ არა Mercedes-ის მაღალი რანგის მენეჯერების აზრს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.