ორი GR Corolla-ი სრულად დაიწვა: Toyota საგარანტიო პირობებს არ ასრულებს
GR Corolla-ს ორმა მფლობელმა Toyota-ს ცენტრს საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც მათი მანქანები სრულად დაიწვა. მფლობელები ამ ფაქტს ავტომობილების მექანიკურ გაუმართაობას უკავშირებენ.
პირველი მსხვერპლი ბრაიან ბენკსი იყო. მის საკუთრებაში არსებული 2023 წლის GR Corolla Circuit Edition-ი სრულად 8 ივნისს დაიწვა. ბენკსმა Toyota-ს საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნით მიმართა, თუმცა ავტომწარმოებელმა უარი განაცხადა და შემთხვევის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები დაასახელა: მათ შორის იყო სიჩქარის სავარაუდო გადაჭარბება და ავტომობილის „არასწორად გამოყენება“.
ბენკსმა Toyota-ს დოკუმენტაციაც წარუდგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ ინციდენტი არა უბედური შემთხვევის, არამედ მანქანის მექანიკური გაუმართაობის დამსახურება იყო. დაზარალებულმა ავტომწარმოებლის მიერ დასახელებულ მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მფლობელის სახელმძღვანელოში ძრავის პრობლემები უშუალოდ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული არ ყოფილა.
მეორე დაზარალებული 2024 წლის GR Corolla-ს მფლობელია - მისი ავტომობილი 3 მაისს, კალიფორნიიდან არიზონამდე მგზავრობისას დაიწვა. მანქანას მხოლოდ 15,000 კილომეტრამდე ჰქონდა გავლილი. Corolla-ს ცეცხლი ელექტრონული კონტროლის გაუმართაობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ გაუჩნდა. საგარანტიო პირობების შესრულებაზე Toyota-მ ამ შემთხვევაშიც უარი განაცხადა და მფლობელი ბუნდოვანი პასუხებით გაისტუმრა.
ფაქტია, რომ ორივე მფლობელი მომხდარში ძრავის ბლოკის დაზიანებას ადანაშაულებს. სწორი კომუნიკაციისა და საკითხის შესწავლის ნაცვლად კი, ორივე მათგანი Toyota-სგან გაუგებარ პასუხებს და მათი შეფასებით „არაპროფესიულ დამოკიდებულებას“ იღებს.
Toyota-ს განხადებით, კომპანია თითოეულ სარჩელს ინდივიდუალურად განიხილავს. მიუხედავად ამისა, Toyota-ში არ დაუზუსტებიათ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე უცნობია იძიებს თუ არა ავტომწარმოებელი Corolla-ს ძრავის შესაძლო პრობლემების საკითხს.
.