Aa Aa
8 აგვისტო 2024  |  16:47

Mercedes C63S E Performance: საინჟინრო შემოქმედების მწვერვალი

თუმცა როგორც ბევრი ავტომოყვარული ამბობს - მას „სული არ გააჩნია“.

Mercedes-მა მსოფლიოს უახლესი მოდელი წარუდგინა. 2024 წლის Mercedes-AMG C63S E Performance საინჟინრო შემოქმედების ახალი მწვერვალია, თუმცა როგორც ბევრი ავტომოყვარული ამბობს - მას „სული არ გააჩნია“.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი ქმნილება 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავითა და ელექტროძრავით აღჭურვა. პირველი მათგანი 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროძრავა მანქანის შესაძლებლობებს დამატებით 201 ცხენის ძალით ზრდის. ავტომობილი 0-100 კ/სთ-ს 3.3 წამში ავითარებს. ასე მიიღო Mercedes-მა 4-ცილინდრიანი ჰიბრიდი, 671 ცხენის ძალით, მაგრამ ეს ყველაფერი არაა:

63S E Performance-ის ძლევამოსილ ძრავას ავტომწარმოებელმა ინოვაციური ტურბინა შემატა დახარჯული ენერგიის აღსადგენად და ხელახლა გამოსაყენებლად. 6.1-კილოვატსაათიანი ლითიუმ-იონური ბატარეა კი, ავტომობილისთვის ენერგიის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფს.

შესაძლებლობებთან ერთად, ახალ Mercedes-ს გამორჩეულს დახვეწილი დიზაინიც ხდის. წონის განაწილებით - 49/51-თან, C63S E Performance-ი ბევრად მაღალი წარმადობის სპორტულ მანქანებს, მათ შორის Corvette C7-სა და Ferrari 812-ს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ტიპურ სედანს. თუმცა, 2024 წლის C63S წინამორბედებთან შედარებით საგრძნობლად მძიმეცაა - მანქანა დაახლოებით 2,200 კილოგრამს იწონის.

რაც შეეხება მანქანის „სულს“: V8 ძრავიდან ოთხცილინდრიან ჰიბრიდზე გადასვლით ავტომობილმა V8-ის სპეციფიკური ხმა დაკარგა - რაც ავტომოყვარულებისთვის ყველაზე ნათლად განსაზღვრავდა C63-ის ხასიათს. ყველა აღიარებს, რომ C63-ის ელექტროძრავა ტექნოლოგიურად საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას, თუმცა, თვლიან, რომ მასზე გადასვლით მანქანამ ხასიათი სრულად დაკარგა.

ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე გადასვლის გადაწყვეტილებას განმარტავს პროექტის მენეჯერი დემიან ჰამპენი. მისი განცხადებით, AMG-ის ჰქონდა ამბიცია, Formula 1-ით შთაგონებული ტექნოლოგია ტრასის ავტომობილებშიც წარმატებით დაენერგა, ჰიბრიდულ ტექნოლგიაზე გადასვლით კი სწორედ ეს მოახერხა.

როგორც ბევრი ამბობს „ავტომობილის სულის შეწირვით“ Mercedes-მა მაღალი წარმადობის, სწრაფი ავტომობილი შექმნა. შესაძლოა ბევრისთვის ეს მოდელი V8-ის გარეშე სასურველი სულაც არ იყოს, თუმცა მყიდველი მაინც აუცილებლად გამოუჩნდება. მათთვის კი, Mercedes-AMG C63S E Performance-ის ფასი $85 ათასიდან დაიწყება.

გაზიარება: