Aa Aa
9 აგვისტო 2024  |  16:58

BMW მომავალში მოგზაურობს: წარმოგიდგენთ ჰუმანოიდ რობოტებს

თითოეული რობოტი იყენებს კომპლექსურ AI-სისტემას, კამერებს, მიკროფონებსა და სენსორებს - გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის.

კალიფორნიული რობოტების ფირმა Figure-მა მაღალგანვითარებული ჰუმანოიდი რობოტი, სახელად Figure 02 შექმნა. თავდაპირველად რობოტები ლითონის მცირე საგნების სპეციალურ მომჭერებში დასამაგრებლად გამოიყენებოდა, რომლის საშუალებითაც შემდგომში უკვე მანქანის შასი იწყობოდა.

თუმცა, ამჯერად ამ ჰუმანოიდი რობოტების საკუთარ საქმიანობაში გამოყენება გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ გადაწყვიტა. ავტომწარმოებელი კომპანიასთან თანამშრომლობით ჰუმანოიდი რობოტების განვითარებაზე იმუშავებს და სამომავლოდ, მათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც გამოიყენებს.

გერმანულ ავტომწარმოებელს ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს რობოტების ჩართვას საწარმოო საქმიანობაში. მაგრამ აღნიშნავს, რომ ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებით შეეძლებათ თანამშრომლებს დამღლელი საქმიანობა თავიდან ააცილონ.

BMW-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია რობოტების შემადგენლობა, რომლებიც ავტომწარმოებლის ქარხანაში გადაადგილდებიან და თან ლითონის მცირე კონსტრუქციები გადააქვთ. Figure 02 კომპლექსურ AI-სისტემას იყენებს და აღჭურვილია უახლესი თაობის კამერებით, მიკროფონებითა და სენსორებით. ჰუმანოიდი რობოტის თითებს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანს.

„რობოტიკის სფეროში მიმდინარე მოვლენები ძალიან პერსპექტიულია“ - განაცხადა BMW AG-ის წარმოების მართვის საბჭოს წევრმა, მილან ნედელიკოვიჩმა. „ადრეული სატესტო ოპერაციით, ჩვენ შეგვეძლება რობოტები ყოველდღიურ წარმოებაში გამოვცადოთ“.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდიდან ვიხილავთ ჰუმანოიდ რობოტებს BMW-ის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ, სატესტო რეჟიმში, აშშ-ის ქარხანაში არიან წარმოდგენილნი.

გაზიარება: