Mitsubishi-ს ნაგვის მანქანა მძღოლს შინაური ცხოველივით დაჰყვება
Mitsubishi Fuso-მ საზოგადოებას ახალი eCanter Sensor Collect-ის კონცეფცია წარუდგინა. ესაა მოწინავე ტექნოლოგიის ელექტრო ნაგვის მანქანა, რომელიც ავტომწარმოებელმა, ავტონომიურად მართვის, Level 2 სისტემით აღჭურვა.
Mitsubishi-ის ახალი სატვირთო გამორჩეული რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამოა: პირველი, მისი ეკოლოგიური დანიშნულებაა. ელექტრომანქანა ნარჩენების შეგროვების ეფექტიანობის გასაზრდელად შეიქმნა. საინტერესოა ისიც, რომ ამ Mitsubishi-ის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია და ეს სატვირთო, ფაქტობრივად ისე დაჰყვება თავის მძღოლს, როგორც შინაური ცხოველები მიჰყვებიან ხოლმე პატრონს.
eCanter Sensor Collect-ი კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი, რაც ავტომობილს გარემოცვის გაკონტროლებასა და მძღოლის შესაბამისად გადაადგილებაში ეხმარება. შედეგად, სატვირთო, თავის მძღოლს, ფეხით მოძრაობის დროსაც უკან მიჰყვება. ამასთან ერთდ, მანქანა, ავტომატურად, ჩერდება კონკრეტულ ლოკაციებზე და დისტანციურადაც იმართება, რის გამოც მძღოლს ხშირად აღარ უწევს მანქანაში ჩაჯდომა და გადმოსვლა.
იაპონიაში ტესტირების დროს, სატვირთო მანქანა სხვადასხვა რთულ სცენარს გაუმკლავდა. მანქანა ავტომატურად ამუხრუჭებს და გარშემო გაჩერებულ მანქანებსაც აფიქსირებს. პარალელურად, სატვირთო მანქანის სისტემა აკონტროლებს შეგროვებული ნარჩენების წონასა და მოცულობას, რაც ქმნის ღირებულ მონაცემებს საოპერაციო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
ამ ტექნოლოგიით Mitsubishi Fuso-ს მიზანი გამონაბოლქვის შემცირება და ნარჩენების შეგროვების ოპერაციების ეფექტიანობის ზრდაა. eCanter Sensor Collect-ი, 2020 წლის პროტოტიპის განახლებული ვერსიაა, და მისი ტესტირება 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.