წლების განმავლობაში მიტოვებული Miata აღადგინეს
ერთ დროს, ამ მანქანის კაპოტქვეშ, ცხოველიც ცხოვრობდა.
1990 წლის ეს Mazda Miata წარსულში უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა. თუმცა ექვსი წლის წინ, მაშინ როდესაც მისმა მფლობელმა დაოჯახება გადაწყვიტა, მანქანამ ავტოფარეხში გადაინაცვლა. ამის მიუხედავადაც, ის არასდროს დავიწყებიათ. წლების შემდეგ, მისი აღდგენა მფლობელმა WD Detailing-ის გუნდს სთხოვა და მათაც მოქმედება დაიწყეს.
ეს Miata-ც განსაკუთრებულია. ღია ცისფერი ფერის მანქანა მფლობელისთვის პირველი ავტომობილი იყო. წლების განმავლობაში მანქანის კორპუსი ჭუჭყმა და ხის ნაფლეთებმა დაფარა.
ერთი შეხედვით, მანქანა უნაკლოდ ნამდვილად არ გამოიყურება, თუმცა, რეალურად, არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია. თავდაპირველად, WD Detailing-ი გუნდმა მანქანა მტვერსასრუტით გაასუფთავა, ხოლო შემდეგ მისი ფოლადის ბორბლებიც გაწმინდა და Miata, გარეგნულად, ახალ ავტომობილსაც დაამსგავსა.
თუმცა მთავარი სიურპრიზი მათ უკვე მანქანის შიგნით ელოდებოდათ. სავარაუდოდ, მანქანის კაპოტქვეშ გარკვეული პერიოდი ოპოსუმი ცხოვრობდა. მანქანისთვის კაპოტის ახდით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანქანის ქარხნული ფერი არა ცისფერი, არამედ თეთრი იყო. მანქანას დეტალური წმენდით ჟანგიც მოაშორეს და ავტომობილი, 1990-იანი წლების, ახალგამოსულ Miata-საც დაამსგავსეს.
ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ავტომობილს ძრავის პრობლემები აქვს. როგორც კომპრესიის ტესტით დადგინდა, მანქანის ყველა ცილინდრი ერთად, 116 ცხენის ძალის ნაცვლად, 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შესაძლოა, ძრავა მანქანაში ოპოსუმის ცხოვრების პერიოდში დაზიანდა, თუმცა, ამის გარკვევა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. თუ ძრავის გაცოცხლება მოხერხდება, მაშინ ეს Miata სამომავლოდ ალბათ გზებსაც დაუბრუნდება.