ჰიბრიდების გამონაბოლქვი ელექტრომობილებისას ხუთჯერ აღემატება
სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში წარმოებული გამონაბოლქვი მოიცავს ავტომობილების წარმოებიდან, ავტომობილის გამოყენებითა და მისი განადგურებით წარმოქმნილ გამონაბოლქვს.
ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) უმთავრესი უპირატესობა ნულოვანი გამონაბოლქვია, რომელსაც ისინი ტრასებზე გადაადგილებისას წარმოქმნიან. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამონაბოლქვი წარმოიქმნება არამხოლოდ გზებზე გადაადგილებისას, არამედ ამ მანქანების შექმნისა და განადგურების პროცესშიც.
სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) ახალი კვლევით, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, BEV-ები ბევრად ნაკლებ გამონაბოლქვს წარმოქმნიან, ვიდრე სხვა სახის ავტომობილები. გარემოზე ზიანი განსაკუთრებით მაშინ მცირდება თუ ამ მანქანების დამუხტვა განახლებადი ენერგიის გამოყენებით ხდება.
2024 წლის მოდელების ეკოლოგიური ზემოქმედება გარემოზე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. მაგალითად, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, თვითდამუხტვადი ჰიბრიდი სედანები 2.2-ჯერ, ხოლო SUV-ები 2.5-ჯერ მეტ სითბურ აირს გამოყოფენ, ვიდრე იმავე წლისა და კატეგორიის ელექტრომობილები.
ანალოგიურად, plug-in ჰიბრიდი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები (PHEV) BEV-ებზე დაახლოებით ორჯერ მეტ გამონაბოლქვს წარმოქმნიან. ხოლო შიგაწვის ძრავაზე მომუშავე SUV-ები ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილებზე 3.5-ჯერ მეტ გამონაბოლქვს გამოყოფენ.
თუმცა საინტერესო კიდევ ერთი ფაქტია: მაშინ, როდესაც BEV-ები სრულად განახლებადი ელექტროენერგიით იმუხტებიან, ისინი დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფენ ვიდრე ჰიბრიდი SUV-ები და 6.7-ჯერ ნაკლებს ვიდრე შიგაწვის ძრავაზე მომუშავე SUV-ები.
ICCT-ის ინფორმაციით, სათბური აირების გამონაბოლქვი ავტომობილის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მოიცავს ბატარეებიდან, ავტომობილების წარმოებიდან, მათი მოვლიდან, გამოყენებიდან და განადგურებიდან წარმოქმნილ გამონაბოლქვსაც. ეს არის სრული შეფასება იმის თუ რა გავლენას ახდენს მთლიანად ერთი ავტომობილი გარემოზე.
2024 წლის ანგარიშით, BEV-ები 66-74 პროცენტით უფრო სუფთაა, ვიდრე იმავე კატეგორიის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მოდელები. BEV-ების მიერ სრულად განახლებადი ენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი, ეს განსხვავება 85%-მდეც იზრდება.