Aa Aa
14 აგვისტო 2024  |  15:23

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. 

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საერთაშორისო მართვის მოწმობები ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გაიცემა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებს.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა უნდა წარადგინოს. საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადების ღირებულება 109 ლარია. 

ამასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც გაიცემა. დოკუმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებს და 3 წლის ვადით გაიცემა. 

 

გაზიარება: