Jaguar-ი, ერთი წლით, ახალი ავტომობილების გაყიდვებს აჩერებს
F-Pace-ის SUV-ების გაყიდვა გაგრძელდება, თუმცა Jaguar-ების დიდი ნაწილი, ერთი წლით, ბაზრიდან სრულად გაქრება.
როგორც ჩანს, ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა, ბოლო წლების გეგმას სრულად გადაუხვია და გეზი ელექტრომობილებისკენ აიღო. ახლა კი, საკუთარი ელექტრომობილების გადასარჩენად Jaguar-მა ბევრად უფრო მკაცრ სტრატეგიას მიმართა. ავტომწარმოებელი, ერთი წლის განმავლობაში, გარკვეულ ბაზრებზე ავტომობილების გაყიდვას სრულად შეაჩერებს.
ამ წლის ბოლოს Jaguar-ი ახალ კონცეფციას წარადგენს. როგორც კომპანიის დირექტორი რადონ გლოვერი აცხადებს, ეს კონცეფცია ყველა არსებულისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური იქნება. მსუბუქად რომ ვთქვათ, ახალ მოდელებში ავტომწარმოებელი დიზაინის რადიკალურ ცვლილებებს განიხილავს.
ამ მოდელებს ბევრად თხელი და გლუვი მაშუქები ექნებათ, ხოლო უკანა ფანჯარა საერთოდ გაქრება. ეს იქნება ოთხკარიანი GT მანქანა, რომელიც გლოვერის თქმით, „იმაზე უფრო თანამედროვე იქნება, ვიდრე ვინმეს ოდესმე წარმოედინა“.
ახალი კონცეფციის წარდგენის შემდეგ, Jaguar-ი გარკვეული პერიოდით ბაზარზე F-Pace-ს დატოვებს, თუმცა ამ პერიოდის შემდეგ მის მიწოდებასაც შეაჩერებს. ახალი Jaguar-ები კი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაყიდვაში აღარ ჩაეშვება.
Autocar-თან საუბრისას გლოვერმა აღნიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ახალი Jaguar-ების შეძენა უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ევროპის ბაზრების დიდ ნაწილს ეს 2024 წლის ბოლოსთვის, ხოლო გაერთიანებულ სამეფოს - მომდევნო წლის დასაწყისიდან „ემუქრება“. ეს პაუზა კი წინ უსწრებს ბრენდის ახალი, ელექტრომობილების ხაზის გამოშვებას.
ბევრი თვლის, რომ ეს ერთწლიანი პაუზა შეიძლება ისეთი ცუდიც არ იყოს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. უნიკალური კონცეფციის ავტომობილები სრულად ახალი ბაზრისა და აუდიტორიისთვისაა გათვლილი და მასთან ადაპტირებას შესაძლოა ეს დრო ნამდვილად დასჭირდეს. არც ისაა გამორიცხული Jaguar-მა მოლოდინები გაამართლოს და ეს პერიოდიც ლოდინად ღირდეს.