2025 წლის BMW M5 Touring-ი - სპორტული უნივერსალი დაბრუნდა!
პირველად, თითქმის ორი ათწლეულის გასვლის შემდეგ, ახალი M5 უნივერსალი ძარით გამოჩნდა.
და აი ისიც! ჩვენს პორტალზე უახლეს M5-ზე დაწერილ ბოლო სტატიაში გამცნეთ, რომ BMW M5 Touring-ის დაბრუნებას აპირებდა. დღეს კი ამ მანქანის დებიუტი შედგა.
ბოლოს, როდესაც მეხუთე სერიის ყველაზე სპორტული ვერსია უნივერსალ ვერსიად ვიხილეთ, 2007 წელი იყო. აქამდე M5 Touring-ის ბოლო თაობა E61 M5 გახლდათ. მაშინ, როდესაც, უნივერსალი M5-ები ევროპაში იყიდებოდა, ახალი თაობის Touring-ი ოკეანესაც გადაცურავს და მძღოლებს ამერიკაშიც მოემსახურება.
რა შეიძლება ითქვას ამ ავტომობილზე იმის მიღმა, რასაც სურათებზე ხედავთ? ჩვენი უცხოელი კოლეგები წერენ, რომ M5 Touring-ი რეალურ ცხოვრებაში გაცილებით კარგად გამოიყურება. დებიუტისთვის მწარმოებელმა შავ არაპრიალა ფერში გადაწყვეტილი უნივერსალი შეარჩია. ასე ავტომობილი, დაბერილ თაღებში და ბამპერებში უფრო ცივსისხლიანად გამოიყურება.
თუ თქვენ ე.წ. Shooting Brake და უნივერსალი ტიპის ავტომობილები მოგწონთ, მაშინ ახალი M5 შეუძლებელია არ მოგეწონოთ. კორპუსის ხაზები იმხელაზეა გადაჭიმული, რომ მანქანას მართლაც რომ გრაციოზულობას ანიჭებს. დიდი გაბარიტების ფონზე, სტილი იმდენად დახვეწილია, რომ ეს უნივერსალი, ფერის მიუხედავად, შავი დღისთვის გამზადებულ მანქანას ნამდვილად არ ჰგავს.
თუ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე სწრაფად ხართ მისასვლელი და თან ოჯახი და ბევრი ბარგი გაქვთ, ახალი M5 იმედებს არ გაგიცრუებთ. თუ პრაქტიკულობას, კომფორტსა და სისწრაფეს ეძებთ BMW ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილს შემოგთავაზებთ.
M5 Touring-ის დებიუტი ყველას მისი წონის გამო აინტერესებდა. ისედაც დამძიმებული M5, უნივერსალ ვერსიაში, კიდევ რომ დამძიმდებოდა, ამაში ეჭვი ალბათ არ შეგეპარებოდათ. ასე და ამგვარად, მეხუთე სერიის უნივერსალის ყველაზე სპორტული ვერსია 2 508 კგ-ს იწონის, რაც მის სედანთან შედარებით 63 კგ-იანი ნამატია. გაზრდილი წონის მიუხედავად, წონის გადანაწილება ღერძებზე თითქმის 50:50-ზეა.
მოსალოდნელი იყო, რომ კაპოტის ქვეშ არაფერი შეიცვლებოდა. იქ ისევ 717-ცხენისძალიანი და 1 000 ნმ-იანი აგრეგატი იმალება. ეს სიმძლავრე 4.4-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 აგრეგატითა და ელექტრო სისტემით გამომუშავდება. ეს ყოველივე საშუალებას იძლევა, რომ 2.5-ტონიანი მონსტრი 100-კმ/სთ-მდე 3.5 წამში აჩქარდეს. შედარებისთვის, სედანი ვერსია ამ ნიშნულამდე 3.4 წამში ჩქარდება. ორივე ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე კი 248 კმ/სთ-მდე ელექტრონულად იქნება შეზღუდული. თუ M Driver პაკეტს შეიძენთ, მაშინ ეს შეზღუდვა 304 კმ/სთ-ზე გადაიწევს.
2025 წლის BMW M5 Touring-ი საჯაროდ Peeble Beach Automotive Week-ზე, კალიფორნიაში გამოჩნდება. მისი წარმოება კი 2024 წლის ბოლოს დაიწყება. მოდელის საწყისი ფასი 121 500$ იქნება.