BMW-მ ჩინეთში 1.3 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია
გერმანულმა ავტომწარმოებელმა ჩინეთში 1.3 მილიონზე მეტი ავტომობილი უკან გაიწვია. BMW-ის განცხადებით, მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების დეფექტია. როგორც Ford-ისა და Mazda-ს შემთხვევაში, ამჯერადაც გაწვევა Takata-ს მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშებს უკავშირდება.
BMW-ის გადაწყვეტილება 2005-2017 წლებში ჩინეთში წარმოებულ 600,000-მდე ავტომობილსა და 2003-დან 2018 წლების 750,000-ზე მეტ იმპორტირებულ ავტომობილს ეხება. ჩინეთის მარეგულირებელი ადმინისტრაციის განცხადებით, გაწვევა მოიცავს მოდელების ფართო არჩევანს - პირველიდან მეექვსე სერიამდე, ასევე X1, X3, X4, X5 და X6-ის SUV-ებს.
2009 წლიდან მოყოლებული, Takata-ს უსაფრთხოების ბალიშების დეფექტს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში, მალაიზიასა და ავსტრალიაში მინიმუმ 35 ადამიანი ემსხვერპლა.
ეს მანქანები Takata-ს მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშებითაა აღჭურვილი. ავტომწარმოებლების ვარაუდით, არსებობს შანსი, რომ ეს უსაფრთხოების ბალიშები ავარიის დროს, მაღალი სიცხისა და ტენიანობის ზემოქმედებით აფეთქდეს. აფეთქების შემთხვევაში კი ლითონის ნამსხვრევები მანქანის სალონში მოხვდება.
გასულ თვეში, აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა BMW-ის მიერ 390,000-ზე მეტი ავტომობილის გაწვევა დააანონსეს. მარეგულირებლების ინფორმაციით, ამ მოდელებში ქარხნული საჭეები შესაძლოა სპორტული ან M-sport საჭით შეიცვალა, რომლებიც Takata-ს კომპრესორითაა აღჭურვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში, Ford-მა და Mazda-მ 457,000-მდე ძველი ავტომობილის მძღოლს მათი მანქანების მართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მანქანების უკან გაწვევის მიზეზი BMW-ის იდენტურია.
ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ინფორმაციით, BMW-ის მძღოლებს შეუძლიათ საჭის შესამოწმებლად სადილეროს ეწვიონ, ან ფოტო და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი ვებგვერდზე ატვირთონ. დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომწარმოებელი უსაფრთხოების ბალიშებს სრულიად უფასოდ შეცვლის.