Aa Aa
20 აგვისტო 2024  |  14:27

საავტომობილო ღონისძიებაზე უიშვიათესი Ford Probe Ghia დაიწვა

სოლის ფორმის კონცეპტუალური მანქანა ღონისძიებაზე გამოჩენამდე სპეციალურ გადასატან ტრანსპორტში დაიწვია.

Peeble Beach Concours d’Elegance-ი ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად კალიფორნიაში ტარდება. იქ როგორც ახალ ავტომობილებს, ისე ისტორიაში გამორჩეულ კლასიკურ და კონცეპტუალურ მოდელებს ნახავთ. სამწუხაროდ, წლევანდელი ღონისძიება ცუდი ამბით დაიწო. დიზაინერული ატელიის, Ghia-ს მიერ შექმნილი, 1979 წელს გამოშვებული Ford Probe I გადასატან სატვირთო მანქანაში დაიწვა.

კონცეპტუალური მოდელი Scott Grundfor Company-ის, კალიფორნიაში დაფუძნებული სარესტავრაციო ფირმის მფლობელობაში იყო. დამწვარი „ფორდის“ სურათები მათ Instagram-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნეს. სამწუხაროდ, Probe Ghia-სგან ახლა მხოლოდ ჩარჩოა დარჩენილი. 

„დიდი მწუხარებითა და გულდაწყვეტით გამცნობთ, რომ 1979 წლის Ford Ghia Probe I პროტოტიპი აღარ არსებობს. შემთხვევა კვირას, Peeble beach Concours d’Elegance-ის ღონისძიებაზე მოხდა. ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ოჯახის წევრი დავკარგეთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

საბედნიეროდ, უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული „პოსტიდან“ ვიმსჯელებთ, მაშინ ამ ავტომობილის აღდგენა ვეღარ მოხერხდება.



ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Ford Probe I Ghia ერთ-ერთია იმ რამდენიმე Probe კონცეპტუალური მოდელიდან, რომელიც 1979-85 წლებში შეიქმნა. მისი კორპუსი, აეროდინამიკური თვალსაზრისით, ძალზედ დახვეწილი გახლდათ. კაპოტის ქვეშ 2.3-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, ტურბინიანი ძრავა იყო განთავსებული. მისგან გამომუშავებული ძალა უკანა ღერძზე იყო მიმართული. სალონი, თავის მხრივ, სავსე იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ტექნოლოგიებით. ასეთი ავტომობილის განადგურებულ მდგომარეობაში ხილვა კი ნამდვილად ცუდი სანახავია.

გაზიარება: