Aa Aa
21 აგვისტო 2024  |  15:40

ბრაზილიაში Corolla-სა და Hilux-ის შეჯავშნული მოდელები გამოჩნდება

შეჯავშნულ ავტომობილებზე ფიქრისას ბევრს დიდი SUV-ები ახსენდება, როგორიცაა მაგალითად Cadillac Escalade-ი, ან ძვირად ღირებული სედანი, როგორიც BMW-ის მეშვიდე სერიაა. თუმცა ბრაზილიაში, მომხმარებლებს ახლა უკვე Corolla-სა და Hilux-ის შეჯავშნული მოდელებიც ეყოლებათ.

ახალ მოდელებზე Toyota Brazil-ი ჯავშანტექნიკის ადგილობრივ ექსპერტებთან Avallon-თან, Carbon-თან, Evolution Blindagens-თან და Parvi Blindados-თან თანამშრომლობს. ავტომწარმოებლის შეთავაზება როგორც ახალ, ასევე მეორად მოდელებს შეეხება. დაინტერესებულ პირებმა Toyota-ს ადგილობრივ სადილეროს უნდა მიმართონ და ავტომობილი მათ მიერვე შერჩეულ ჯავშანტექნიკის კომპანიაში გააგზავნონ.

ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შეთავაზება ეხება Corolla-ს, Corolla Cross-ის, Hilux-ისა და SW4-ის (Fortuner) მოდელებს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მოდელები 2020 წელზე ძველი გამოშვების არ უნდა იყვნენ. სპეციალურ კომპანიაში გაგზავნამდე მანქანები Toyota-ს ადგილობრივ სადილეროში წინასწარ შეფასებასაც გაივლიან.

კომპანიები სპეციალიზებული ნაერთებით მანქანების კორპუსს ამაგრებენ და იყენებენ უფრო სქელ ფანჯრებს, რაც მანქანას თავდასხმებისთვის ბევრად უსაფრთხოს გახდის. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებული ტიპის ჯავშანს მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღისა და ლითონის მილების დარტყმის გაძლება შეუძლია.

ამ ეტაპზე უცნობია სერვისის ღირებულება. ცნობილია ის, რომ კომპანიები ჯავშნის დამონტაჟების სერვისებზე 5-წლიან, ხოლო მასალებზე 5-დან 10 წლამდე გარანტიას უზრუნველყოფენ.

დანაშაულის საერთო მაჩვენებლების უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად, ბრაზილიაში მკვლელობების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება. ეს ფაქტი კი ადგილობრივებს თავდაცვის გაძლიერებისკენ უბიძგებს. მზარდია მოთხოვნა საავტომობილო უსაფრთხოებაზეც და სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო Toyota-მაც ეს გადაწყვეტილება.

 

გაზიარება: