Aa Aa
21 აგვისტო 2024  |  16:54

ეს იდეალური M მოდელია და თან გასაყიდადაა გამოტანილი

E46 M3-ის მთელი სიდიადე უნივერსალ ძარაშია თავმოყრილი. 

BMW-ს E46 თაობის M3-ის უნივერსალი მოდელი არასდროს შეუქმნია. უფრო სწორი ვიქნებით თუ დავწერთ, რომ სერიულად არ გამოუშვია, რადგან ამ თაობის M3 უნივერსალის ერთი ქარხნული ეგზემპლარი მაინც არსებობს. ბავარიელებმა კონცეპტუალური მოდელი შექმნეს, თუმცა, მისი სერიულად გამოშვება გადაიფიქრეს. 

სწორედ ამიტომ, ამ მოდელზე შეყვარებული ენთუზიასტები ხშირად გვთავაზობენ ისეთ საპროექტო მანქანებს, როგორსაც სურათზე ხედავთ. ეს კონკრეტული M3 ქარხნულივით გამოიყურება. მას გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა, უკეთესი მუხრუჭები და დამატებით ბევრი კარბონის დეტალები აქვს. 



იღბლიან ამერიკელებს ამ მანქანის შეძენაც შეუძლიათ. მოდელი Bring a Trailer-ის აუქციონზეა გამოტანილი.  ერთ დროს ეს მანქანა 325 Xi იყო. ახლა კი სრულად ტრანსფორმირდა და M3 Touring-ად იქცა. ის M3-ის S54 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც CSL-ის შიდა დეტალები და კარბონის შემშვები სისტემა აქვს. ეს ნიშნავს, რომ მოდელს გასაგიჟებელი ხმა აქვს. 6-ცილინდრიანი ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული. 

მოდიფიცირება მხოლოდ ძალოვან აგრეგატს არ შეხებია. M3-ში ვიზუალიც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ბამპერები, ბორბლის თაღები და სარკეები პირდაპირ დონორი ავტომობილიდან არის გადმოტანილი. ერთადერთი, რაც ამ მანქანას არაქარხნულის ვიზუალს აძლევს, მისი 19-დუიმიანი დისკებია და სამუხრუჭე სუპორტებია. ეს უკანასკნელი 996 თაობის Porsche 911-დან არის გადმოტანილი. იდეალური მართვისთვის, ამ უნივერსალს Billstein PSS10 დაკიდების სისტემა და H&R-ის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი აქვს. სალონი სავსეა კარბონის გაფორმებებითა და M-ის ფერების დეტალებით. მძღოლის და მის გვერდით მჯდომი მგზავრის სავარძელი Recaro-ს მიერაა დამზადებული. 



მანქანა იმდენად საფუძვლიანადაა მოდიფიცირებული, რომ, მაღალი ალბათობით, ის სტანდარტულ E46-ზე ძვირი ეღირება. 

რა თანხას გაიღებდით მის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: