გახსოვთ დამტვრეული LFA? ახლა ის Copart-ზე იყიდება
ეს ის მანქანაა, რომელმაც წლის დასაწყისში სოციალური მედია ამოატრიალა.
გასაყიდად გამოტანილ Lexus LFA-ს ყოველდღიურად ვერ ნახავთ. სწორედ ამიტომ, Copart-ზე ატვირთული ეს განცხადება არამხოლოდ აღნიშვნას, არამედ სტატიის მიძღვნასაც იმსახურებს. თანაც, ამ კონკრეტულ Lexus-ზე ერთხელ უკვე მოგიყევით, რადგან ვერც დამტვრეულ LFA-ს ნახავთ ხშირად.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მთლად კატასტროფულად არ გამოიყურება, კარბონის ძარის და კორპუსის გამო, მისი შეკეთება იაფი ნამდვილად არ დაჯდება. შესაძლოა, მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება ნახევარი მილიონი დოლარიც კი ღირდეს. ეს ჩვენ წინა სტატიაშიც დავწერეთ.
მარტში ზუსტად ეს ავტომობილი YouTube-ის არხ ThatDudeInblue-ზე გამოჩნდა. ვიდეოში არხის წამყვანმა მანქანა დეტალურად დაათვალიერა და დაზიანებებზე ისაუბრა. მფლობელმა ის იანვარში დაამტვრია. ავარიის შემდეგ კი ინტერნეტსივრცეში დამტვრეული LFA-ის სურათებიც გავრცელდა. ამჟამად მანქანას, მგზავრის კარი და კუდის მთლიანად აწყობა სჭირდება. აღსადგენია მგზავრის მხარეს არსებული უკანა ფრთაც.
ყველა ეს ნაწილი კარბონისგანაა დამზადებული და მათი ახლით ჩანაცვლება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ კარი 40 000$ ღირს. მაღალი ალბათობით, ავტომობილს მექანიკური დაზიანებაც ექნება. არ მუშაობს აქტიური უკანა სპოილერი. ასევე, დეფორმირებულია გამონაბოლქვის სისტემაც.
ახლა ეს LFA „კოპარტის“ აუქციონზეა გასაყიდად გამოტანილი. აუქციონის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული. განცხადებაში მოდელს სხვა დისკები აქვს დაყენებული და კაპოტი არ აქვს. ასევე, არ მოჰყვება გასაღები. მისი ღირებულება Copart-ს 710 000$-ად აქვს შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ LFA სულ 500 ეგზემპლარად არსებობს. ისეთი ცნობილი ტელეწამყვანი და ავტოჟურნალისტი, როგორიც ჯერემი კლარკსონია, მიიჩნევს, რომ LFA ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, რაც ოდესმე უმართავს. ამიტომ, ეს Lexus-ი გზებზე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.