პოლიციელმა Dodge Charger-ის მძღოლი ჩაძირვისგან იხსნა
გულწასულ მძღოლს ოფიცერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა.
ტეხასის პოლიციამ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს როგორ ამოჰყავს ჩაძირული Dodge Charger-იდან ადგილობრივ სამართალდამცავს ავტომობილის გულწასული მძღოლი. მანქანის მფლობელი გულწასულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ოფიცერს რამდენიმე წუთის განმავლობაში მისთვის გულის მასაჟის გაკეთება დასჭირდა, საბოლოოდ კი სიცოცხლე შეუნარჩუნა.
შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. ჯონკეტა უინბუში ავტომობილში ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ეპილეფსიის შეტევა დაეწყო და საჭის დამორჩილება ვეღარ მოახერხა. Charger-ი სამივე მგზავრთან ერთად ტბაში გადავარდა თუმცა მისმა შვილებმა მანქანიდან თავის დაღწევა მოახერხეს და იქვე მყოფ ოფიცერს შემთხვევის შესახებ აცნობეს.
შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ოფიცერმა უინბუში უგონო მდგომარეობაში და ჩაკეტილ Charger-ში იპოვა. თვითმხილველის დახმარებით, ოფიცერმა მინის ჩამსხვრევა და ორი შვილის დედის მანქანიდან გამოყვანა შეძლო. რამდენიმე წუთიანი გულის მასაჟის შემდეგ, ოფიცერმა მძღოლისთვის პულსის აღდგენა მოახერხა. ამჟამად უინბუში საავადყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევიდან ექვსი დღის შემდეგ, ოფიცერ კობს, ოლქის პოლიციის დეპარტამენტისგან, ორი შვილის დედის სიცოცხლის გადარჩენისთვის „მაშველის ჯილდო“ გადაეცა.
„სწრაფი რეაგირებითა და საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი სწორი ქმედებებით, ოფიცერმა კობმა ჯონკეტა უინბუშის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. უმოქმედობას შესაძლოა ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში