Aa Aa
23 აგვისტო 2024  |  13:25

იძებნება მსოფლიოში პირველი Aston Martin-ი!

კომპანიამ მანქანა 1924 წელს, 50 გირვანქა სტერლინგად გაყიდა, რის შემდეგაც ის სამუდამოდ გაქრა. 

დღემდე, Aston Martin-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელია, თუმცა მისი პირველი მანქანის ბედი წლებია რაც საიდუმლოებებითაა მოცული. ავტომწარმოებლის Heritage Trust-ი ახლა სწორედ ამ „დაკარგული“ ავტომობილის ძებნას იწყებს. 

მანქანა 1914 წელს, ინჟინრების მცირე ჯგუფის მიერ დამზადდა - ლაიონელ მარტინისა და რობერტ ბემფორდის ხელმძღვანელობით. ავტომობილს მეტსახელად „Coal Scuttle“ უწოდეს. ეს მანქანა იმ დროს Bugatti-ის კონკურენტადაც კი განიხილებოდა. 

ავტომობილი Aston Martin-ად 1915 წელს დარეგისტრირდა. მაგრამ მისი განვითარება პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად შეჩერდა. ბემფორდი საფრანგეთში იბრძოდა, რის გამოც ბიზნესის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი წასვლის მიუხედავად, ომის დასრულების შემდეგ, კომპანიამ Coal Scuttle-ზე მუშაობა გააგრძელა და 1919 წელს ის ლონდონში წარადგინა. Trust-ის ინფორმაციით, მანქანის განვითარებაზე მუშაობა Aston Martin-ს არც 1920-იანი წლების დასაწყისში შეუწყვეტია. 

მუდმივი განვითარების გამო, მანქანის დიზაინი არაერთხელ შეიცვალა. როგორც ფოტოებზეც ჩანს, ავტომწარმოებელმა სულ მცირე, ორი განსხვავებული ტიპის წინა მაშუქები გამოიყენა. დიზაინში შეტანილი ცვლილებები და გარე იდენტიფიკატორების არარსებობა წლების შემდეგ, მათ შორის ისტორიკოსებისა და დარგის სპეციალისტებისთვისაც კი, მანქანის ამოცნობას კიდევ უფრო ართულებს. 

ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, Aston Martin-მა მანქანა 50 გირვანქა სტერლინგად 1924 წელს გაყიდა. Trust-ის შეფასებით, მანქანის ეს ღირებულება, იმ დროისთვის, საკმაოდ გონივრული თანხა იყო. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ მფლობელს ავტომობილი 1920-იანი წლებშივე გადაემუშავებინა ან ნაწილებად გაეყიდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ დღის შემდეგ Coal Scuttle-ის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს. 

ამ სცენარის გათვალისწინებითაც, დღეს მანქანის ნაწილები მაინც უნდა არსებობდეს. მაგრამ როგორც ჩანს Heritage Trust-ში ისევ აქვთ იმედი, რომ მანქანა კვლავ არსებობს - თუმცა, დიდი ალბათობით, დღეს უკვე განახლებული ექსტერიერით. 

გაზიარება: