აუქციონი, Lamborghini Miuras, Mercedes 500 K Coupe, 300 SL Gullwings
Aa
Aa

რასაც ხშირად ვერ ნახავთ: ეს საოცარი „მანქანათსაყრელი“ აუქზიონზეა

ეს საოცარი ეზო წლებია მრავალი „სუპერქარის“ საცხოვრებლადაა ქცეული. ამ ე.წ. „მანქანათსაყრელზე“ თქვენ ისეთ ავტომობილებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა: Lamborghini Miuras-ი, 300 SL Gullwings-ი და ომამდელი Mercedes 500 K Coupe.

აუქციონების ისტორია ბევრი საკულტო და ძვირად ღირებული ავტომობილი ახსოვს. და სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობთ რომ მეტი აღარაფერი გაგაკვირვებთ, ახალი აღმოჩენების დრო დგება.

ოქტომბერში, Sotheby's-ის აუქციონზე, რუდი კლეინის კოლექცია გამოჩნდება, რომელსაც თამამად შეგვიძლია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი „მანქანათსაყრელი“ ვუწოდოთ. კლეინის ეს კოლექცია გასაიდუმლოებული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ამ ადგილას ფეხი, არც თუ ისე ბევრ ადამიანს დაუდგამს.

ამ „მანქანათსაყრელის“ ისტორია 1950-იან წლებში იწყება. მაშინ, როდესაც კლეინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და იქ, ევროპული მანქანების შეგროვება დაიწყო. მოკლედ რომ გითხრათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა: წლების შემდეგ კლეინმა ავტომობილებისა და მისი ნაწილების ძალიან დიდი კოლექცია შეაგროვა და მას თავი ერთ ტერიტორიაზე, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში მოუყარა.

2001 წელს, კლეინის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა კოლექციის შენახვა გადაწყვიტა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ეს ტერიტორია ღია ამ დღის შემდეგ აღარ ყოფილა. ასე იქცა კოლექცია „მანქანათსაყრელად“, აღდგენის ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში განადგურების მოლოდინში.

თუმცა დღეს, პლანეტაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი „მანქანათსაყრელი“ აუქციონზე გასაყიდად გამოდის. ამის შესახებ განცხადება Sotheby's-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა. დეტალები ამ დრომდე უცნობია. დანამდვილებით ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ ე.წ. „მანქანათსაყრელზე“ თქვენ ისეთ ავტომობილებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა: Lamborghini Miuras-ი, 300 SL Gullwings-ი და ომამდელი Mercedes 500 K Coupe.

მსგავსი სიახლეები