Aa Aa
26 აგვისტო 2024  |  19:23

EV-ების შეკეთება, შიგა წვის ავტომობილებზე 20%-ით მეტი ჯდება

ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდის შემდეგ, ბოლო პერიოდში, ტემპი შედარებით შენელდა. პარალელურად კი გამოჩნდნენ უკმაყოფილო მომხმარებლები, რომელთათვისაც EV-ების შეკეთება დიდ თავის ტკივილად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომობილები შეკეთებას უფრო იშვიათად საჭიროებენ, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც აღმოჩნდა ეს უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შიგა წვის ძრავებზე მომუშავე მანქანების შემთხვევაში. 

Mitchell-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების შეკეთება საშუალოდ იმაზე 20%-ით მეტი ჯდება, ვიდრე შიგა წვის ძრავის ავტომობილების. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში, შეჯახების შედეგად BEV-ების შეკეთებაზე მიმართვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2.5%-ით, ხოლო კანადაში - 3.95%-ით გაიზარდა.

ეს რიცხვი ზრდას აგრძელებს იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად, ბოლო პერიოდში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი ნელდება. 2024 წლის პირველ კვარტალში BEV-ების წილი ბაზარზე 9.3%-მდე დაეცა, მაშინ როდესაც გასული წლის მესამე კვარტალში 10.2%-ს შეადგენდა. 

Mitchell-ის ანგარიშით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, BEV-ების შეკეთება აშშ-ში მომხმარებლებს საშუალოდ $5,753 უჯდებოდათ. ამის საპირისპიროდ, შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების შეკეთების საშუალო ღირებულება $4,806 იყო. ეს ფასი დაახლოებით 20%-ით იაფია, ვიდრე იმავე ზომის BEV-ების შეკეთების ღირებულება. 

არ გაგიკვირდებათ და ყველაზე ხშირად გასაკეთებლად სადილეროებს Tesla Model 3-ისა და Model Y-ის მფლობელები მიმართავენ. ეს ლოგიკურიცაა, თუ გზებზე მათ რაოდენობა გავითვალისწინებთ. ეს თავის მხრივ ავარიების მოხდენის ალბათობასაც ზრდის. 

მიმართვიანობა გაიზარდა ჰიბრიდების შემთხვევაში. Mild-ჰიბრიდებს, რომლებიც ტექნიკურად შიგა წვის ძრავის ავტომობილების მსგავსია, შეკეთების თითქმის იგივე ღირებულება აქვთ. მთავარი განსხვავება plug-in-ების შემთხვევაში გვაქვს. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ავარიის შემდეგ მათი შეკეთება მფლობელს შიგა წვის ძრავის ავტომობილზე 12.5%-ით მეტი უჯდება. 

ICE-ებისა და BEV-ების შემთხვევაში, თითქმის თანაბრადაა შემთხვევები, როდესაც მანქანის შესაკეთებელი ფასი მის საწყის ღირებულებას უტოლდება. Mitchell-ის ანგარიშით, ელექტრომობილების შემთხვევაში ეს 9.16%-ში, ხოლო შიგა წვის ძრავებში 9.45%-ში ხდება. ანგარიში ამ ფაქტს თანამედროვე ავტომობილების კომპლექსურობით ხსნის, რაც მათ შეკეთებას უფრო ართულებს და ხარჯებს ზრდის. 

 

გაზიარება: