BMW და Toyota „მომავლის ეკოლოგიური მანქანების“ წარმოებისთვის ალიანსს ქმნიან
გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ი და იაპონური Toyota Motor-ი, სათბობელემენტიანი ავტომობილების წარმოებისთვის ალიანსს ჩამოაყალიბებენ. სათბობელემენტიანი ავტომობილები, ე.წ. „საწვავის უჯრედების“ ელექტრომობილებია (FCEV). მანქანები ეკოლოგიურად სუფთაა, რის გამოც მისი წარმოება ბევრი კომპანიის გეგმებში შედის.
თანამშრომლობის პირობების განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არცერთ ავტომწარმოებელს გაუკეთებია. უფრო მეტიც, კომპანიებმა გამოცემების მიერ დასმულ კითხვებსაც არ უპასუხეს. თავდაპირველი ინფორმაცია კი, პარტნიორობის შესახებ Nikkei Asia-მ გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომში სწრაფადვე გავრცელდა დასავლურ მედიაში.
როგორც BMW-ის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, ავტომწარმოებლები მანქანებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე უკვე წლებია თანამშრომლობენ. გერმანული ფირმის სპიკერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილებისა და სხვა ალტერნატივების მომხმარებლებისთვის შეთავაზება BMW-ის მიზნებში შედის. ამ მიზნის მისაღწევად კი აქტიური მუშაობაც მიმდირეობს.
რა განაპირობებს FCEV-ების ეკოლოგიურობას? - საქმე იმაშია, რომ ამ ტიპის ავტომობილები მუშაობისთვის ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამ ელექტროენერგიის მიღება წყალბადისა და ჟანგბადის ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად ხდება. აქედან გამომდინარე, წვის პროცესში, ელექტრომობილები გამონაბოლქვის სახით მხოლოდ წყალს გამოყოფენ.
განახლებული შეთანხმების ფარგლებში, BMW-ი იაპონური ავტომწარმოებლისგან ეკომეგობრული ავტომობილების დასამზადებლად უფრო დიდი რაოდენობის კომპონენტებს მიიღებს. გამოცემის ინფორმაციითვე, გერმანული ფირმა თავის EV-ტექნოლოგიას გამოიყენებს, ხოლო მასობრივ წარმოებას უახლოეს წლებში დაიწყებს.
Nikkei Asia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები განახლებულ ხელშკერულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ. ოფიციალურ განცხადებას კი მომდევნო თვის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ.