Aa Aa
27 აგვისტო 2024  |  16:26

Tesla-მ გერმანული ქარხანის მშენებლობისას 500 ათასი ხე მოჭრა

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მტკიცებით, ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ გერმანიაში, გიგაქარხნის მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 500 ათასი ხე მოჭრა. ორგანიზაციის განცხადებით, Tesla-ს ქმედებით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 13 ათასი ტონით გაიზარდა.

ბრალდების საპასუხოდ Tesla აცხადებს, რომ კომპანიამ 2024 წელს, ტყის აღდგენის ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, 1 მილიონზე მეტი ხე დარგო. 

Kayrros-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების ამერიკულმა კომპანიამ, 2020 წლიდან 2023 წლის მაისამდე, 813 ჰექტარი ტყე გაანადგურა. მათი მონაცემებით, Tesla-ს მიერ ტყის გაჩეხით, იმდენივე ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვი წარმოიქმნა, რამდენსაც ერთი შიგა წვის ძრავის მანქანა 53 მილიონი კილომეტრის გამოყოფისას, ან ჯამში 3 000 მანქანა მთელი წლის განმავლობაში გამოყოფს.

გერმანიაში მდებარე Tesla-ს ქარხანა წლებია განხილვის საკითხად იქცა. გასულ თვეში, გარემოს დაცვის სამინისტრომ, ქარხნის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. იმავე გეგმით, Tesla გერმანულ ქარხანაში ელექტრომობილების წარმოებას ყოველწლიურად 1 მილიონ მანქანამდეც გააორმაგებს. ქარხნის გაფართოების გეგმამ გარემოსდაცვით ორგანიზაციათა პროტესტი გამოიწვია. მაისში, ქარხნის ტერიტორიაზე 800-მდე დემონსტრანტიც შეიჭრა. 

„ბოლო წლებში, „გრინვოშინგის“ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიები მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - განაცხადა Kayrros-ის პრეზიდენტმა მედიასთან და სიმართლის დასადგენად სატელიტური გამოსახულებები მოითხოვა. ცნობისთვის, „გრინვოშინგის“ დროს კომპანიას მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და არწმუნებს, რომ მათი საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთაა. 

ის ფაქტი, რომ ქარხნის მშენებლობის პროცესში 500 ათასამდე ხე მოიჭრა, ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. მთავარი Tesla-ს განცხადებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ზარალის ასანაზღაურებლად მან გერმანიაში მილიონზე მეტი ხე დარგო. ამის დასტურად კომპანიამ პლატფორმა X-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა. 

გაზიარება: