კაცს, რომელიც უმუშევრობის შემწეობას იღებს, Lamborghini ჩამოართვეს
ეს ღია ცისფერი Lamborghini Huracan-ი, სხვა ძვირად ღირებულ ნივთებთან ერთად, ავსტრალიის ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოართვეს. ამაში გასაოცარი არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ეს მამაკაცი უკვე წლებია მთავრობისგან უმუშევრობის შემწეობას იღებს. ამ დროს კი მის საკუთრებაში Lamborghini და მდიდრული სამკაულებია.
იტალიურ „სუპერქართან“ ერთად ამ მამაკაცისთვის ჩამორთმეულ ნივთებს შორის ძვირად ღირებული მოტოციკლი - Harley-Davidson V-Rod-იც მოხვდა. საინტერესოა, რომ ეს მოტოციკლიც, Lamborghini-ის მსგავსად, ღია ცისფრად, ე.წ. Blu Cepheus-ის ფერშია შეღებილი. სამართალდამცავების მიერ ამოღებულია Rolex-ის ორი საათიც.
ავსტრალიის შტატში, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანომ Lamborghini-ის მფლობელის წინააღმდეგ გამოძიება მაისის თვეში დაიწყო. გამომძიებლების ვარაუდით, ქონება შესაძლოა სწორედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელს უკავშირდებოდეს.
სამართალდამცავი ორგანოს მიერ 39 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა. სასამართლო ბრალდებულს Huracan-ის, V-Rod-ისა და ძვირად ღირებული სამკაულების არაკეთილსინდისიერი გზით შეძენას ედავება. მათივე შეფასებით, ამოღებული ქონების საერთო ღირებულება $500 000-ს სცდება. გამოძიება გრძელდება, სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს დაინიშნა.
ამ დრომდე უცნობია თუ როგორ ახერხებდა ამ ქონების პატრონი სახელმწიფოსგან უმუშევრობის შემწეობის მიღებას. ფაქტია, რომ ბრალდებული დახმარებით 5 წლის განმავლობაში სარგებლობდა.
არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით მსგავსი ტიპის შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირდა. COVID-19-ის პერიოდში, ერთ-ერთი სახელმწიფო დახმარების ფარგლებში, ბრალდებულმა მაშინ სესხის სახით, უკანონოდ $3.9 მილიონი მიითვისა. $300 ათასი კი ამ თანხიდან სწორედ Lamborghini Huracan-ის შეძენისთვის დახარჯა.