ყველაფერი 2025 წლის Lamborghini Temerario-ს შესახებ
მიმდინარე წლის ბოლოს, იტალიური Lamborghini, Huracán-ის წარმოებას სამუდამოდ შეწყვეტს. შედეგად წარსულს ჩაბარდება მისი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი V10 ძრავაც. თუმცა სწრაფი Lamborghini-ის მოყვარულებს სანერვიულოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. იტალიურმა მარკამ ახალი „სუპერქარი“ უკვე გამოაჩინა და ეს Lamborghini Temerario-ა.
თავად ავტომწარმოებელი Temerario-ს „მაღალი წარმადობის ელექტრიფიცირებულ ავტომობილს“ უწოდებს - ანდაც PHEV-ს, რადგან Lamborghini-მ „სუპერქარი“ორტურბინიანი 4-ლიტრიანი V8 ძრავითა და სამი ელექტროძრავით აღჭურვა. Temerario 920 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100 კმ/სთ-ს დაახლოებით 2.7 წამში ჩქარდება და 340 კმ/სთ-ს აღწევს.
თითქმის ნულიდან შექმნა Lamborghini-მ ახალი V8 ძრავაც. ერთ სიბრტყეში განლაგებული ძრავის ღერძის მუხლების მქონე V8 ძრავას, 90-გრადუსიანი Hot V-კონფიგურაცია აქვს. Huracán-ის ახალი აგრეგატის მაქსიმალური ბრუნი ერთ წუთში 10 000-ს აღწევს.
ზეთის გაგრილებაზე მომუშავე ელექტროძრავები შიგა წვის ძრავასთან ერთად მუშაობს. უკანა ელექტროძრავა 8-ცილინდრიან მონსტრსა და 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს შორისაა მოთავსებული. მხოლოდ ეს ელექტროძრავა 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი 300 ნიუტონ მეტრია. დარჩენილი ორი ელექტროძრავა მანქანის წინა ბორბლებს ამოძრავებს და ცალ-ცალკე 82 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
სწორად მიხვდებოდით, ეს Lamborghini სრულად ამძრავია, თუმცა მას Drift Mode-ის ფუნქციაც აქვს. მისი საშუალებით ძალა უკანა ბორბლებზე ნაწილდება. Drift Mode-ს სიმძლავრის გადანაწილების სამი განსხვავებული დონე აქვს, რომლის არჩევაც მძღოლს თავად შეუძლია.
რაც შეეხება ბატარეების კომპლექტს, მისი სიმძლავრე 3.8 კილოვატ/საათია. ბატარეების ხელახლა დამუხტვას 30 წუთი სჭირდება, ამასთან ერთად ბატარეები პირდაპირ V8 ძრავიდანაც იმუხტება - სულ რაღაც 6 წუთში. მანქანის მართვა მხოლოდ წინა ელექტროძრავის გამოყენებითაც შესაძლებელია.
ვიზუალურად Temerario დიდი ზომის Revuelto-სა და Huracán-ის ნაზავს მოგვაგონებს. მაშუქები უფრო თხელია ვიდრე Huracán-ის შემთხვევაში, ავტომობილი 20 და 21-დუიმიანი ბორბლებითაა აღჭურვილი. აეროდინამიკური გაუმჯობესებით Huracán Evo-სთან შედარებით ახალი „სუპერქარის“ მიმჭერი ძალა 103%-ითაა გაზრდილი. ეს კი მანქანას მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობის შენარჩუნებასა და წარმადობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
Huracán-ის ალუმინისა და კარბონის შერეული კონსტრუქციის ნაცვლად, ამ ავტომობილის შასი მთლიანად ალუმინისაა. ამ მიდგომით მცირდება მანქანის წონა, ხოლო სიხისტე 20%-ით იზრდება.
რაც შეეხება Temerario-ს ინტერიერს: Huracán-თან შედარებით, ახალ მოდელში ავტომწარმოებელმა სალონის სივრცე მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც თავად Lamborghini-ის გუნდიც აღნიშნავს, ამ მანქანაში NBA-ის 2-მეტრიან კალათბურთელებსაც კი შეეძლებათ ჩაფხუტის მორგება. განახლებულ სალონში ახალ მფლობელებს 12.3-დუიმიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა და მგზავრებისთვის, 9.1-დუიმიანი სენსორული ეკრანი დახვდებათ.
Lamborghini Temerario გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომდევნო წლის დასაწყისიდან ჩაეშვება. ამის მიუხედავად, ავტომწარმოებელს მანქანის ღირებულება ჯერ არ გაუსაჯაროებია. Huracán Evo-ს ფასი აშშ-ში 300 000-დან იწყებოდა, ასე რომ შეგვიძლია ახალი მოდელის ფასი $400 000 - $500 000-ის ფარგლებში ვივარაუდოთ.