Mercedes-Benz, G-Class, Carlex
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი G-Class-ი - Carlex-ის შედევრი

Carlex Design-ის მიერ გადაკეთებული Mercedes-Benz G-Class-ი შაშხანასთან ერთად იყიდება.

ბაზიერობა (ფრინველით ნადირობა) საკმაოდ რთული და იდუმალებით მოცული საქმიანობაა. ის მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული. ყველაზე პოპულარული კი ახლოს აღმოსავლეთშია. ახლახან ორი ევროპული კომპანია არაბული ბაზიერობის სამყაროსთვის პატივის მისაგებად გაერთიანდა და ერთი გამოშვების G-Class-ი ააწყო, რომელსაც სანადირო შაშხანაც მოჰყვება.

ეს ორი კომპანია Carlex Desgin-ი და VO Falcon-ია. Carlex-მა, რომელიც სახელი ინტერიერის გადაკეთების სამუშაოებით გაითქვა, მსოფლიოში ყველაზე დახვეწილ G-Class-ზე ოთხი წელი იმუშავა. G-Falcon-ის სახელით გამოშვებულ მანქანას თითქმის ყველაფერი ხელით აქვს გაკეთებული.




პოლონურმა კომპანიამ კორპუსი სპეციალურ ფერში, „ბრინჯაოს მეტალიკში“ შეღება, რაც საოცრად უხდება. ასევე, შესამჩნევია, რომ მანქანას ცხვირიც განუახლეს. უფრო განიერია თაღები, ხოლო უკან გამოკვეთილი ბამპერი გვაქვს. ულამაზესია ეს 22-იანი დისკებიც. ექსტერიერის ყველაზე განსაცვიფრებელი დეტალი სახურავია, რომელზეც ეს აღმაფრთოვანებელი ორნამენტებია დატანილი. 

თუმცა, ამ მანქანის მთავარი ხიბლი სალონია. იქ თითქმის ყველა დეტალი უნიკალურია. საჭე, სავარძლები, კოკპიტი, კარის პანელები და ა.შ. წითელ ტყავშია გახვეული. ძალზედ დახვეწილი და შრომატევადი ტექნიკით არის შესრულებული ნაკერები. ყველა ნაცრისფერი დეტალი მეტალისაა. შეხედეთ კარის ჩამკეტ ბერკეტს! მხოლოდ ამ დეტალის შექმნაზე კვირებია დახარჯული.





ასეთი დახვეწილი ავტომობილის საბარგულში სპეციალურად შექმნილი, VO Falcon-ის ფირმის შაშხანა იმალება. ის ძვირადღირებული მასალებისგან არის დამზადებული და ტყავის ულამაზეს ჩანთაშია მოთავსებული. მისი წარმოება 2010 წლით თარიღდება და Carlex-ი მას G-Falcon-თან ერთად ყიდის.

ამ შედევრის ხილვას იღბლიანი ადამიანები 2024 წლის Abu Dhabi International Hunting and Equestrian Exhibition-ზე იხილავენ. მანქანის ფასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები