ილონ მასკი, Tesla, ელექტრომობილი, Cybetruck, Tesla Cybetruck
Aa
Aa

აჩუქა თუ არა ილონ მასკმა Cybertruck-ი ჩეჩნეთის მეთაურს?

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. თუმცა მილიარდერმა მის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორები მალევე უარყო და ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა Telegram-ზე ვიდეო განათავსა, სადაც Tesla-ს Cybertruck-ის საჭესთან ზის და ხელში ავტომატი უჭირავს. უფრო მეტიც, კადიროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ვიდეოში ილონ მასკს მიმართავს, Cybertruck-ის შესაძლებლობებს აქებს და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად მზადაა. ამავე ვიდეოში, აშშ-ის მიერ სანქცირებული კადიროვი ამტკიცებს, რომ მან Cybertruck-ი საჩუქრად ილონ მასკისგან მიიღო. 

„ეს Cybertruck-ი ჩვენ თავად ილონ მასკისგან მივიღეთ. შესაძლებლობა მქონდა ავტომობილი გამომეცადა და ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, თუ რატომ უწოდებენ მას „საიბერმხეცს“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს „მხეცი“ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ჯარისკაცებს. მე გულწრფელად, დიდ მადლობას ვუხდი ილონ მასკს. ის ნამდვილად ჩვენი დროის გენიოსი და უდიდესი პიროვნებაა. Cybertruck-ი კი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა მსოფლიოში, რომელიც მე უკვე ძალიან შემიყვარდა“, - წერს კადიროვი Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

უფრო მეტიც, კადიროვმა მასკი სტუმრადაც კი დაპატიჟა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ვიზიტის წინააღმდეგი არ იქნება. ვიდეოში კადიროვი ელექტროპიკაპის შესაძლებლობებს ამოწმებს და თან ავტომატითაა შეიარაღებული. ის ავტომობილის შესაძლებლობებსაც აქებს და დარწმუნებით ამტკიცებს, რომ მანქანა მალე ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიგზავნება. 

ეს კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, რასაც მასკის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, მილიარდერმა, სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, დეზინფორმაციაზე განცხადება უკვე პლატფორმა X-ზე გააკეთა. განცხადებით მასკმა უკრაინელ სამხედროს, ანტონ გერაშჩენკოს პოსტის უპასუხა: „სერიოზულად გგონიათ, რომ Cybetruck-ი საჩუქრად რუს გენერალს გადავეცი? ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მედიამ შეცდომაში შეგიყვანოთ“. 

გერაშჩენკომ მასკის პასუხი მიიღო და ჩეჩნეთის მეთაურს მატყუარა უწოდა. კვლავ უცნობია თუ როგორ მოხვდა Cybetruck-ი კადიროვის ხელში. საქმე შესაძლოა უკანონო იმპორტთან გვქონდეს. რამდენიმე თვის წინ ლიეტუვის ხელისუფლებამ ორი Cybetruck-ი ამოიღო, რომელიც სანქციების მიუხედავად რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები