Tesla, Cybertruck, Tesla Cybertruck
Aa
Aa

დამწვარი ფოლადის ეს გროვა ადრე Cybertruck-ი იყო

წლები გადის, Tesla-ს Cybertruck-ის გარშემო კი კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ეს მანქანა ან უყვართ, ან სძულთ. ავტომობილს მფლობელებს შორისაც ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და გზებზე, მისი მონაწილეობით, ავარიის რამდენიმე შემთხვევაც უკვე ვიხილეთ. 

მიმდინარე თვის დასაწყისში, Cybertruck-ის ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ელექტროპიკაპით ავარიას მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. ტეხასელი მამაკაცი Cybertruck-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილმა კონტროლი დაკარგა, მილსადენს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. გამოძიებას ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე არ დაუდგენია. უცნობია ისიც, თუ რატომ დაკარგა კონტროლი Tesla-ს ელექტრომობილმა. 

სწორედ ამ ავარიის მონაწილე Cybertruck-ი ახლა აუქციონზე იყიდება. მანქანა დამწვარი ფოლადის გროვას ჰგავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი, თუნდაც ნაწილებად გამოყენება, ვინმემ მოახერხოს. მანქანას თითქმის სრულად აქვს განადგურებული წინა ნაწილი. უცნობია წინა მხარე უბრალოდ სრულად დაიწვა და ამ მდგომარეობამდე მივიდა, თუ ავარიის შემდეგაა მოხსნილი. 

არც აუქციონის ვებგვერდზე ვხვდებით შემთხვევის შესახებ ვრცელ ინფორმაციას. ფოტოებიდან კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ Cybertruck-ის კორპუსის გარკვეული ნაწილი ხანძრის მიუხედავადაც, შედარებით გადარჩენილია და ოთხკუთხედი ფორმაც შენარჩუნებული აქვს. 

უცნობია ისიც, თუ როდის გამოჩნდება Cybertruck-ის ნარჩენები აუქციონზე გასაყიდად. დიდი ალბათობით, ამ მანქანის შეკეთება ან უბრალოდ ნაწილებად გამოყენებაც კი შეუძლებელი იქნება. ამის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ Tesla-ს ფოლადის გროვა, ახლა უკვე, მხოლოდ ბაღის „ლამაზ“ დეკორაციად თუ გამოდგება. 

მსგავსი სიახლეები