Aa Aa
29 აგვისტო 2024  |  15:40

აუქციონზე იშვიათი ფერის დამტვრეული Ferrari 296 GTB იყიდება

თუ მანქანა შეკეთებას არ ექვემდებარება, მაშინ მისი ნაწილებად გამოყენება მაინც იქნება შესაძლებელი.

ყველამ ვიცით, რომ Ferrari-ის ფერი წითელია. თუმცა, ამ იტალიური მწარმოებლის მოდელებს ყვითელ, თეთრ, შავ, ვერცხლისფერ და ნაცრისფერ ფერებშიც ხშირად შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სანახაობა ქარხნულად გამოშვებული ლურჯი „ფერარებია". სამწუხაროდ, ერთი ასეთი იშვიათი ავტომობილი აუქციონის ერთ-ერთ სადგომზე გდია. როგორ არ უხდება არა „ფერარის“ ეს სიტყვა? რას ვიზამთ...

ეს მანქანა 2024 წლის 296 GTB-ია, რომელიც Copart-ის აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, თუმცა, შესაძლოა, ის აღდგენას ექვემდებარებოდეს. ასეც რომ არ იყო, მისი ნაწილების გამოყენება მაინც იქნება შესაძლებელი. 



ფერარის დამტვრეულ მოდელთან ერთად, ჩვენი ყურადღება ფერებმა მიიპყრო. კორპუსის ძირითადი ნაწილი ოდნავ უფრო მკაფიო ლურჯ ფერშია შეღებილი. წინა ბამპერზე, კაპოტზე, სახურავზე და უკანა ბამპერზე არსებული აქცენტები კი ცისფერშია გადაწყვეტილი. ამ ულამაზეს ფერებზე ბრინჯაოსფერი დისკები არის შეხამებული, რომელიც ყვითელ სუპორტებს მალავს.

მოდელს დაზიანება წინა ნაწილში აღენიშნება. ბამპერი, მძღოლის მხარეს არსებული ბორბალი და კაპოტი არც ისე საამაყო მდგომარეობაშია. დაბზარულია საქარე მინა, ხოლო წინა ფრთებს ფორმა აქვს დაკარგული.



ინტერიერი, ექსტერიერის მსგავსად, ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი. ძალზედ ლამაზად გამოიყურება კარბონის ანატომიური სავარძლები, რომელზეც ყვითელი ღვედები არის შეხამებული.

განცხადებაში არ არის აღნიშნული იქოქება თუ არა ავტომობილი, მაგრამ ვიგებთ იმას, რომ მანქანას გასაღები არ მოჰყვება. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი დაზიანება მანქანას წინ აქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი 2.9-ლიტრიანი, ტურბინიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა გადარჩენილია. თუ ამ ავტომობილის შეკეთება ვერ მოხერხდება, ვინმე ამ ძრავას სხვა პროექტისთვის მაინც გამოიყენებს.

გაზიარება: