მსოფლიოში უსწრაფესი შეჯავშნული ავტომობილი $475,000-იანი EV-ია
შეჯავშნული Lucid Air Sapphire 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და .44 Magnum-ის ტყვიებს უძლებს.
პირველი რა გახსენდებათ შეჯავშნულ ავტომობილებზე? ალბათ დიდი ზომის SUV-ი, რომელსაც 0-დან 100 კმ/სთ-ის მისაღწევად „ათწლეულები“ სჭირდება.
თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთმა კომპანიამ ეს მიდგომა თავდაყირა დააყენა და ყველაზე სწრაფი შეჯავშნული ავტომობილი წარმოგვიდგინა, რომელიც ამავდროულად საკმაოდ მდიდრულადაც გამოიყურება. ახალი შეჯავშნული მოდელი Lucid Air Sapphire-ის ბაზაზეა შექმნილი და გაბატონებული „ცრურწმენების“ დასამსხვრევადაც ემზადება.
შეჯავშნულ Lucid-ზე ამერიკულმა კომპანია Armor Group-მა იმუშავა. მანქანას სამი ელექტროძრავა აქვს, რომლებიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებენ და 1 234 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ეს Lucid-ი 0-დან 96 კმ/სთ-მდე 1.89 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია, ხოლო ერთი დამუხტვით 687 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
ბალისტიკური ფანჯრები, რომლითაც Armor Group-მა ავტომობილი აღჭურვა, .44 Magnum-ის ტყვიების უძლებს. კომპანიამ მანქანა მსუბუქ კომპოზიტურ ჯავშანშიც „შემოსა“, რაც ბალისტიკურ ფოლადთან შედარებით ხუთჯერ მსუბუქი, მაგრამ ათჯერ უფრო ძლიერია.
შეჯავშნის შედეგად, ავტომობილის წონა მხოლოდ 175 კილოგრამით იზრდება, რაც უხეშად რომ ვთქვათ, ორი მგზავრის წონის ეკვივალენტურია. წონის ზრდის მიუხედავადაც, Armor Group-ის შეფასებით, ავტომობილს კვლავ შეუძლია მაქსიმალურ სიჩქარეს - 322 კმ/სთ-ს მიაღწიოს.
გარეგანი დაცვის გარდა, კომპანიამ მანქანაში ინტერნეტ/WiFi უსაფრთხოების პაკეტიც ჩააინტეგრირა, რაც ჰაკერული თავდასხმებისგან მონაცემების თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს. უახლესი ტექნოლოგიის წყალობით, ავტომობილი გადაადგილების დროს, ახლომდებარე საფრთხეებზე ინფორმაციასაც აგროვებს. ინფორმაციის მიღებას მძღოლი მათ შორის ადგილობრივი პოლიციისა და სახანძრო სკანერების წყაროებიდან შეძლებს.
შეჯავშნული Lucid Air Sapphire-ის ღირებულება $475,000-დან იწყება, რაც ჩვეულებრივ Air Sapphire-ის ფასზე ორჯერ მეტია. თუმცა, მძღოლებს, მანქანის უკეთ დაცვისთვის, სხვა უფრო ძვირიანი შეთავაზებებით სარგებლობაც შეეძლებათ. მათ შორისაა ე.წ. „ჯეიმს ბონდის პაკეტი“, რომელშიც ელექტროშოკის კარის სახელურები, წიწაკის სპრეის დისპენსერები და იარაღის ფარული შემნახველები შედის.