M5-ის მფლობელები ტრეკზე თითქმის არასდროს დადიან
M5-ის მფლობელებზე ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო შედეგები გამოავლინა.
ალბათ, ახალი არავისთვისაა, რომ ახალი BMW M5, ისე როგორც ნებისმიერი სუფთა სისხლის M მოდელად გამოშვებული მანქანა, ტრეკზე ისე უნდა გრძნობდეს თავს, როგორც თევზი წყალში. და მართლაც ასეა - მიუხედავად მომატებული წონისა, ჩვენი უცხოელი კოლეგები წერენ, რომ ახალი M5 ტრეკზე ადრენალინის ზღვას მოგანიჭებთ. თუმცა, მწარმოებელი გვიმხელს, რომ ყველა, ვინც ამ მანქანას ყიდულობს, თავის შესაძლებლობების ზღვარზე მას არ მართავს.
„როგორც კვლევებით დადგინდა, M5-ის მფლობელების ძალზედ მცირე პროცენტს უმართავს თავისი ავტომობილი ტრეკზე ერთხელ მაინც,“ - ნათქვამია M5-ის პროდუქტის მენეჯერის, დანიელა შმიდის განცხადებაში. „...ხოლო რეგულარულად, არავინ საერთოდ არავინ მართავს.“
ეს ნიშნავს, რომ ვინც ახალ M5-ს ყიდულობს, ტრეკზე თითქმის არასდროს მიდის, რაც ცოტა უცნაურია. მთელი ეს სიმძლავრე, შესაძლებლობები და გასაქანი მხოლოდ ქალაქში „ჩასაჭერად“ და გადასაადგილებლად?
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ M-ის ნებისმიერი მოდელი ტრეკზე გადაადგილებისთვის მზად იყოს. ასევე, ამ მანქანების შესაძლებლობებში, ყოველდღიურად გამოყენებისას, მძღოლისთვის და მგზავრებისთვის კომფორტულად გადაადგილებაცაა.“ - დაამატა შმიდმა.
მოხსენებაში მან M5-ის მყიდველთა დემოგრაფიაზეც ისაუბრა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ამ ავტომობილებს ძირითადად შუახნის მამაკაცები ყიდულობენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა M5-ის მფლობელების ასეთი ქცევა გასაკვირი აღარ იყოს. თანაც, ამ მანქანის წონა მუდმივად მზარდია. ავტოსპორტში კი სიმსუბუქეს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს.
თქვენ როგორ შეაფასებდით კვლევის ასეთ შედეგს? როგორც ფიქრობთ, რატომ არ მართავენ M5-ს მფლობელები ტრეკზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.