Honda Civic Type R კიდევ უფრო ძვირდება
Type R-ის ფასი ყოველ ჯერზე იზრდება. ახლა კი, მისი ღირებულება $50 000-ს უახლოვდება.
იაპონური ავტომწარმოებელი Civic Type R-ის ფასს კიდევ ერთხელ ზრდის. ყველასთვის საყვარელი „ცხელი ჰეჩბეკის“ ღირებულება ახლა $800-ით უფრო მეტია შარშანდელთან შედარებით და $1 900-ით მეტი - 2023 წლის მოდელთან შედარებით.
2025 წლის Type R-ი $46 690 ღირს. ამას ემატება $1 095, მანქანის მიწოდების ღირებულება.
თუმცა, რეალურად, 2025 წლის მოდელში Honda, დიდი ალბათობით, არანაირი ცვლილების შეტანას არ გეგმავს. უფრო მეტიც, მანქანას კვლავ ორი ძირითადი ფერი ექნება, ხოლო სხვა ფერის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებითი საფასურის გადახდაც მოუწევს. შედეგად, ცოტა გაუგებარია, თუ რას მიიღებს მყიდველი ზედმეტი $800-ის სანაცვლოდ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფასის ზრდა სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის დამსახურებაა. კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ავტომწარმოებელსაც არ გაუკეთებია.
მაგრამ, თუ FL5 Civic Type R-ის შემთხვევას გავიხსენებთ, მოდელი, რომლის წარმოებაც 2023 წელს დაიწყო, თავდაპირველად $43 990 ღირდა. თუმცა გასულ წელს, მისი ფასიც გაიზარდა, რაც სწორედ წარმოებისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდით იყო გამოწვეული.
აქვე გეტყვით, რომ Civic Type R-ი 2-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკაა. შედარებისთვის, Volkswagen Golf R-ის ფასი $46 890-ია, ხოლო Toyota GR Corolla - $37 635 ღირს. ორივე მოდელი იმავე სიმძლავრითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს Honda-ს მისი მოდელის ფასი თითქმის $50 ათასამდე გაზარდოს.