ჩინეთში Rolls-Royce-ისა და Maybach-ის მცირე ზომის კლონები გამოჩნდა
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩინური ავტომობილების დამზადების ხარისხი, დიზაინი და ტექნოლოგიური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ ბევრი უცნაური ფორმისა და დიზაინის ავტომობილი იწარმოება. ამის მაგალითი ამ Rolls-Royce-ისა და Maybach-ის მცირე ზომის კლონებია, რომელიც სწორედ ჩინეთში გამოჩნდა.
Rolls-Royce Phantom-ისა და Mercedes-Maybach GLS-ის მინიატიურული ვერსიების ფოტოები ჩინურ სოციალურ პლატფორმა Weibo-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა. ეს მოდელები, ცოტა ხნის წინ, მცირე ზომის მანქანების ღონისძიებაზეც შენიშნეს.
ყველაზე საინტერესო ალბათ მინი Phantom-ია, რომელსაც ნამდვილი Rolls-Royce-ის მსგავსად დიდი ზომის ქრომირებული ცხაური აქვს. თუმცა, ამ მოდელს არ აქვს ცნობილი Spirit of Ecstasy-ის ფიგურა. ამასთან ერთად, მანქანა, ორივე მხარეს, Phantom-ის იდენტური მაშუქებითაა აღჭურვილი, თუმცა ნათურების ცისფერი ბზინვარება, ამ მოდელს შედარებით იაფფასიანი ვერსიის შეხედულებას აძლევს.
მოდელების დიზაინებს შორის მსგავსება ამით არ სრულდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია მინი Phantom-ის წინა და უკანა კარების სახელურები, რომლებიც ნამდვილი Rolls-Royce-ის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ერთმანეთზეა გადაბმული.
საინტერესოა, რომ Mercedes-Maybach GLS-ის რეპლიკა, როგორც ჩანს, ზუსტად იგივე მანქანაა, რაც Phantom-ი. თუმცა განსხვავებული წინა ნაწილით. Rolls-Royce-ის ცხაური ამ მოდელში უფრო დიდი ზომის ქრომირებული ცხაურითაა ჩანაცვლებული - ზუსტად ისე, როგორც Maybach-ში. შეცვლილია მაშუქები და შემშვები სისტემა.
ექსტერიერების მსგავსების მიუხედავად, ამ კლონების ინტერიერი რეალურ მოდელებთან ახლოსაც ვერ მოვა. ერთ ეკრანზეა გაერთიანებული საინფორმაციო გასართობი სისტემა და ციფრული მაჩვენებელთა დაფაც. არაფერია ცნობილი მანქანების ძრავებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჩინური მოდელები მხოლოდ $2 000-მდე ეღირება.