ჰიბრიდი, ელექტრომობილი, ევროკავშირი, გაყიდვები
Aa
Aa

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები კვლავ იკლებს - მძღოლები ჰიბრიდს ირჩევენ

უახლესი მონაცემებით, ელექტრომობილებზე ევროკავშირში გაყიდული ახალი ავტომობილების მთლიანი რაოდენობის 12.1% მოდის, ჰიბრიდები კი 32%-იან წილს ფლობენ.

ივლისის თვის მონაცემებით ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვები 10.8%-ით დაეცა, რის შედეგადაც EV-ები ამჟამად უკვე, გაყიდული ახალი ავტომობილების მთლიანი ბაზრის მხოლოდ 12.1%-ს იკავებენ. შედარებისთვის, გაიზარდა ჰიბრიდების ბაზრის წილი, ხოლო ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ერთობლივი წილი დაეცა. 

ივლისში, ევროკავშირის მასშტაბით, 10 705 ერთეული ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილი (BEV) გაიყიდა. გაყიდვების ვარდნაში მთავარი როლი გერმანიის ბაზარმა ითამაშა. ამ პერიოდში გერმანიაში BEV-ების გაყიდვები 36.8%-ით დაეცა. კონკრეტულად, თუ 2023 წლის ივლისში ქვეყანაში 48 682 BEV-ი გაიყიდა, 2024 წლის ივლისში, BEV-ების გაყიდვებმა მხოლოდ 30 762 ერთეულს მიაღწია. 

გერმანიის გარდა, ელექტრომობილების გაყიდვები ევროპის სხვა ძირითად ბაზრებზეც შემცირდა. მათ შორისაა ფინეთი (-21.3%), ირლანდია (-24.9%), შვედეთი (-14.9%) და ავსტრია (-11.7%). ამის საპირისპიროდ, რეკორდულად გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები ევროკავშირის რამდენიმე ბაზარზე, ასეთ ქვეყნებს შორის მოხვდა: ბელგია (+44.2%), დანია (+68.8%) და ლუქსემბურგი (+38.5%). 

გაყიდვების ვარდნა ნიშნავს, რომ გაყიდული ახალი ავტომობილების ბაზარზე BEV-ების საერთო წილიც შემცირდა. თუ 2023 წლის ივლისში ბაზარზე BEV-ები 13.5%-ს იკავებდნენ, ახლა მათი წილი 12.1%-ს შეადგენს. უკანასკნელი 18 თვის მონაცემებით, BEV-ების გაყიდვების წილი ევროკავშირში 11.8%-დან 21%-მდე მერყეობდა. პიკს, 21%-ს 2023 წლის აგვისტოში მიაღწია, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულზე - 11.8%-ზე, 2023 წლის აპრილში დაეცა. 

თუმცა ეს ელექტრიფიცირებული ავტომობილების მოყვარულთათვის ცუდი ამბავი ნამდვილად არაა. ACEA-ს მონაცემებით, ივლისის თვეში, ჰიბრიდების გაყიდვები 25.7%-ით გაიზარდა და 273 003 ერთეული შეადგინა. ჰიბრიდების გაყიდვების ზრდა სამ ძირითად ბაზარზე მოდიოდა: საფრანგეთი (+47.4%), ესპანეთი (+31.5%), გერმანია (22.4%) და იტალია (+17.4%). 

ამჟამად ჰიბრიდებზე ევროკავშირში, ახალი ავტომობილების ბაზრის 32% მოდის, რაც მკვეთრი ზრდაა 2023 წლის ივლისის 25.5%-იან წილთან შედარებით. თუმცა ივლისის თვეში შემცირდა plug-in ჰიბრიდების გაყიდვები. ACEA-ს მონაცემებით, მათი გაყიდვები ივლისში 14.1%-ით, 57 679 ერთეულამდე დაეცა და ბაზრის 6.8%-ს იკავებს. 

რაც შეხება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს. ივლისის თვეში შემცირებულია მათი გაყიდვებიც. კერძოდ ივლისში, ბენზინზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვები 7%-ით დაეცა და ბაზრის 33.4% შეადგინა. ხოლო დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები, გასული წლის ივლისთან შედარებით, 10.1%-ითაა შემცირებული და მთლიანი გაყიდვების 12.6%-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები