როგორია 2025 წლის Aston Martin Vanquish-ი?
ახალი Vanquish-ი კარბონის ულამაზესი კორპუსითა და 824-ცხენისძალიანი V12-ით გამოვიდა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ V12-ს აღიარებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ხმა აქვს V10-ს ან რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ტურბინიანი V8. მათთვის ამ ძრავებს ზედმეტად ცოტა ცილინდრი აქვს. ასეთი ადამიანებისთვის კი Aston Martin-ი V12-ცილინდრიან მოდელს უშვებს, რომელსაც Vanquish-ი ეწოდება.
ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ დასახელების ქვეშ მანქანა ბოლო 7 წელი არ გამოსულა. კომპანიას ამ სახელით შუაძრავიანი „სუპერქარის“ გამოშვება სურდა. მიუხედავად Aston Martin-ის გეგმებისა, Vanquish-ი ტრადიციული დიზაინით გამოჩნდა და ის თავის ფესვებს დაუბრუნდა. ეს უზარმაზარი, მძლავრი, კომფორტული საკრუიზო ავტომობილია, რომელსაც წინ 5.2-ლიტრიანი, ორტურბინიანი V12 აქვს. აგრეგატი 824 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი დახმარებით Vanquish-ს 344 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. მწარმოებელი გეგმავს, რომ წელიწადში 1 000 ეგზემპლარი გამოუშვას. საწყისი ფასი კი 420 000$ იქნება.
სრულად განახლებული აგრეგატი 8-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი ძარის შუა ნაწილშია განთავსებული. დიფერენციალი ელექტრონულად ბლოკირებადია. ძრავას ერთი საინტერესო ფუნქციაც დაემატა, რომელსაც Boost Reserve ჰქვია. ის წნევას „ინახავს“ და მძღოლს მაშინ აძლევს გამოყენების საშუალებას, როდესაც აქსელერატორის სატერფულს ბოლომდე გახსნის. ასეთ შემთხვევაში მანქანა, 0-დან 100-მდე 3.2 წამში აჩქარდება.
ყველა თანამედროვე Aston-ის მსგავსად, Vanquish-საც ალუმინის მონოკოკის შასი აქვს. DB12-ისგან განსხვავებით კი კორპუსის უმეტესი ნაწილი კარბონის აქვს. კომპანია ამბობს, რომ მოდელის მშრალი წონა 1 771 კგ-ია. კორპუსი Bilstein DTX-ის ამორტიზატორებზეა დაკიდებული. ეს უკანასკნელი ელექტრონულად რეგულირდება. განახლებულია სამუხრუჭე სისტემაც. მას Corner Braking ეწოდება და მოსახვევებში მანქანის კუდის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სალონში Vanquish-ი Aston Martin-ის სხვა მოდელებს მნიშვნელოვნად ჰგავს. იქ განახლებული კოკპიტი, ფიზიკური ღილაკები და დახვეწილი მულტიმედია სისტემა დაგხვდებათ.
DB12-თან შედარებით, Vanquish-ი გრძელი, განიერი და დაბალია. მის ბორბლებს შორის მანძილი 7.6 სანტიმეტრით უფრო დიდია, მთლიან სიგრძეში კი 16 სანტიმეტრია სხვაობა. ასევე, Vanquish-ი, DB12-თან შედარებით, 5 სანტიმეტრით განიერიცაა.
Aston Martin-ის ისტორიაში ეს მესამე Vanquish-ია. მისი წინამორბედები დიდი პოპულარობით დღემდე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ ახალი მოდელისგან გულშემატკივრები ბევრს მოითხოვენ და ელოდებიან. პირველი შთაბეჭდილებით კი ეს ყველაფერი გამართლებულია.