Aa Aa
3 სექტემბერი 2024  |  14:05

Aston Martin-ის უსაფრთხოების მანქანა მონცაზე დაიმტვრა

გასულ კვირას, „ფორმულა 1“-ის 2024 წლის ჩემპიონატის რიგით მე-16 ეტაპი გაიმართა. მონცას ტრასაზე, იტალიის გრან-პრის გამარჯვებული Ferrari-ს პილოტი შარლ ლეკლერი გახდა. იტალიის გრან-პრი ლეკლერკმა კარიერაში მეორედ მოიგო, საპრიზო პოზიციები კი McLaren-ის პილოტებმა, პიასტრიმ და ნორისმა გადაინაწილეს. 

თუმცა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ჯერ კიდევ შაბათ-კვირის იტალიის გრან-პრისთვის მომზადების დროს მოხდა. Aston Martin Vantage-ის უსაფრთხოების მანქანა მონცაზე ტესტირების დროს დაიმტვრა. ავტომობილს გამოცდილი პილოტი ბერნ მაილენდერი მართავდა. 

ავარიის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ პილოტმა მანქანის მართვის დროს კონტროლი დაკარგა, შემდეგ რამდენჯერმე სრიალდება, მოსახვევში მანქანის დამორჩილებას ვერ ახერხებს და მაღალი სიჩქარით ბარიერებს ასკდება. ინციდენტიდან მალევე Aston Martin-ის წარმომადგენელმა შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ავარიის შესაძლო გამომწვევი მიზეზები Aston Martin-ს არ დაუკონკრეტებია. 

გულშემატკივართა ნაწილის ვარაუდით, Aston Martin-ის უსაფრთხოების მანქანას შესაძლოა მუხრუჭებმა უმტყუნა: მოსახვევში, მუხრუჭზე დაჭერისას, ცხვირი წინა საბურავებს არ დააწვა, რის გამოც მანქანის მართვა არაპროგნოზირებადი გახდა. საბედნიეროდ პილოტიც და მისი მგზავრიც ავარიას უვნებლები გადაურჩნენ. 

„ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ პილოტიც და მგზავრიც კარგად არიან. გვყავს შემცვლელი უსაფრთხოების მანქანა, შესაბამისად, ეს ინციდენტი გავლენას არ იქონიებს მიმდინარე კვირის გრან-პრიზე“, - ნათქვამია Aston Martin-ის განცხადებაში.

„ფორმულა 1“-ში უსაფრთხოების მანქანებად Aston Martin Vantage და Mercedes-AMG GT Black Series-ი გამოიყენება. Vantage-ის უსაფრთხოების მანქანა, „ფორმულას“ მოთხოვნების შესაბამისად 2024 წლისთვის განახლდა. მანქანის ორტურბინიანი V8 ძრავა ახლა დამატებით 185 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი 115 ნიუტონ მეტრია. 

ამის მიუხედავად, F1-ის ბევრი პილოტი Vantage-ის განახლებებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი და აცხადებდა, რომ მანქანა საკმაოდ ნელი იყო, განსაკუთრებით კი Mercedes-AMG-თან შედარებით.

გაზიარება: