Aa Aa
3 სექტემბერი 2024  |  18:59

ისტორიაში პირველად, VW გერმანიაში ქარხნების დახურვას განიხილავს

87-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, Volkswagen-ი გერმანიაში ქარხნების დახურვას განიხილავს. 

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი, კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად, თავისივე ქვეყანაში ქარხნების დახურვას განიხილავს. გერმანიაში ქარხნების დახურვის შემთხვევაში, VW-ი „სამუშაო ადგილების დაცვის პროგრამასაც“ დაარღვევს, რომელიც ძალაში 1994 წელს შევიდა და ავტომწარმოებელს ავალდებულებს - კომპანიაში დასაქმებული პერსონალის შემცირებისგან 2029 წლამდე თავი შეიკავოს. 

Volkswagen Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ოლივერ ბლუმეს განცხადებით, ამჟამად, ევროპის საავტომობილო ინდუსტრია ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ახალი კონკურენტები შემოდიან, პარალელურად კი სუსტდება გერმანიის პოზიციები, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ლოკაციის, ავტომობილების საწარმოებლად. განცხადების ბოლოს ბლუმემ „დაუყოვნებლივი მოქმედების აუცილებლობაზეც“ ისაუბრა. 

თომას შეფერმა, Volkswagen-ის სამგზავრო მანქანების განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა, აქცენტი ხარჯების შემცირების საჭიროებაზე გააკეთა. შეფერის შეფასებით, ხარჯების შემცირება შედეგს გამოიღებს, თუმცა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ავტომწარმოებელი დგას, ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულად გადასაჭრელი ხდება.

ევროპულ ავტომწარმოებლებს განსაკუთრებით ჩინური წარმოების ელექტრომობილებისთვის უჭირთ კონკურენციის გაწევა. ეს მანქანები უმეტესად, ევროპულ მოდელებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია, რაც მათზე მოთხოვნასაც ზრდის. ევროკავშირი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს დაიცვას ადგილობრივი წარმოება ჩინური კომპანიებისგან - მათ შორის ჩინეთში წარმოებული ავტომობილების იმპორტზე ტარიფების გაზრდით. 

Volkswagen-ის ნახევარი წლის შედეგებითაც ნათელი გახდა, რომ კომპანია 2026 წლისთვის, €10-მილიარდიანი ეკონომიის გეგმის შესრულებას ვერ შეძლებს. ხარჯების შესამცირებლად, გერმანულ ავტომწარმოებელს შესაძლოა სწორედ კადრების შემცირება, ან ქარხნების დახურვა მოუწიოს. ქარხნის დახურვა Volkswagen-ისთვის 1988 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. მაშინ კომპანიამ ქარხანა აშშ-ში, პენსილვანიის შტატში დახურა.

გასული წლის პირველ ნახევარში კომპანიის საოპერაციო მოგებამ €1.64 მილიარდი შეადგინა. მაშინ, როდესაც ეს მონაცემი, 2024 წლის პირველ ექვს თვეში €966 მილიონამდე დაეცა. 

დამატებითი ზომები, რომელიც გავლენას ქარხნების მუშაობასა და სამუშაო გარანტიებზე იქონიებს, ადგილობრივ პროფკავშირებთან იქნება შეთანხმებული. პროფკავშირების წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ. მათ Volkswagen-ის მენეჯმენტი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ქარხნების დახურვა იქნება თავდასხმა ადგილობრივ მუშახელზე და ქვეყნის შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა. 

 

გაზიარება: