მაიკლ ჯორდანის Mercedes-Benz SLR 722 იყიდება
ეს სპეციალური გამოშვების მოდელი 1955 წლის Mille Miglia-ზე ლეგენდარული სტირლინგ მოსის გამარჯვების აღსანიშნავად შეიქმნა.
$3.2 მილიარდად შეფასებული ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, წლების განმავლობაში, არაერთ ძვირად ღირებულ და ლეგენდარულ ავტომობილს ფლობდა. ჯორდანის კოლექციაში ერთ დროს 2007 წლის, საკმაოდ იშვიათი Mercedes-Benz SLR McLaren 722 Edition-იც ხვდებოდა, რომელიც ახლა გასაყიდადაა გამოტანილი.
Mercedes-Benz-მა 2003-დან 2010 წლამდე SLR McLaren-ის 2 100-ზე მეტი ეგზემპლარი შექმნა. ამ მოდელის თითოეულმა ვერსიამ ავტომოყვარულებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა 722 Edition-ი ნამდვილად გამორჩეულია. ეს მანქანა 1995 წლის Mille Miglia-ზე, Mercedes-ის ლეგენდარული პილოტების, სტირლინგ მოსისა და დენის ჯენკინსონის ტრიუმფის პატივსაცემად შეიქმნა. 722 Edition-ი სხვა ვერსიებისგან სიმძლავრითა და გარეგნული მახასიათებლებით განსხვავდება.
სტანდარტული SLR McLaren-ის მსგავსად, 722 Edition-ი 5.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა 617 ცხენის ძალის მაგივრად, ეს მოდელი 641 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 820 ნიუტონ მეტრია. ამას გარდა, 722 Edition-ი სხვა ვერსიებისგან 19-დუიმიანი საბურავებითა და უფრო დიდი მუხრუჭებითაც გამოირჩევა, და უფრო მსუბუქიცაა, ვიდრე სტანდარტული მოდელი. გამოშვების დროისთვის, ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 3.6 წამში, ხოლო 200 კმ/სთ-ს 10.2 წამში აჩქარებდა. 722-ის წარმოება მხოლოდ 150 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა.
არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელ წლებში ფლობდა NBA-ის ლეგენდა ამ ავტომობილს, ან როდის გაყიდა ის. მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ეს კონკრეტული მოდელი Crystal Antimon Grey Metallic ფერშია შეღებილი და 24,300 კილომეტრი აქვს დაფარული.
ამჟამინდელი მფლობელი მანქანის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას, $649 995-ს ითხოვს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი მოდელები (შედარებით დაბალი გარბენით) $700 000-ზე მეტადაც გაყიდულა, შანსი ნამდვილად არსებობს.