Aa Aa
4 სექტემბერი 2024  |  13:56

Wald-ი Land Cruiser Prado-სთვის კორპუსის მხეცურ პანელებს გვთავაზობს

კომპანია Wald-ი ახალი Land Cruiser-ის მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულ ვერსიებს უგზოობისთვისაც და ასფალტისთვისაც შექმნის.

ახლახან Wald International-ის ფოკუსში უახლესი Toyota Land Cruiser Prado მოექცა. იაპონურმა „ტუნინგ“ ატელიემ ახლახან მოდიფიცირებული მოდელების ე.წ. რენდერები გამოაქვეყნა. კომპანია საფუძვლიანად გაუმჯობესებულ მანქანებს შექმნის. ერთი გზაზე იქნება დაწებებული, ხოლო მეორე უგზოობას „შეჭამს“.

Wald-ის Land Cruiser Prado-ს წინ აგრესიული და გამოკვეთილი ბამპერი აქვს. უზარმაზარია ჰაერის შემშვები არხები. მის ქვემოთ კი დამცავია ამოკრული. ბამპერზე ინტეგრირებულია სანისლე LED მაშუქებიც. აგრესიულ ხასიათს ატარებს კაპოტიც და ცხაურაც.

პროფილი განიერი ფრთებით არის დამშვენებული, რომელიც უზარმაზარ არაქარხნულ დისკებს მალავს. პირველი ვერსია 6-ქიმიან დისკებზე დგას, რომელზეც გაზრდილი მოჭიდების მქონე, უგზოობაში სასიარულო საბურავებია გადაკრული. ასევე, მაღალია დაკიდების სისტემაც, რაც მანქანის კლირენსს ზრდის. 

მეორე ალტერნატივას დიდი დიამეტრის მქონე მრავალქიმიანი დისკები აქვს, რომელზეც სპორტული საბურავებია გადაკრული. ამ ვერსიაში დადაბლებულია დაკიდების სისტემა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მანქანის გამავლობა იზღუდება, თუმცა იზრდება ასფალტზე გადაადგილებისას კომფორტის ხარისხი.

დანარჩენი მოდიფიკაციები სახურავის აეროდინამიკურ დაგრძელებას, დამატებით LED მაშუქებსა და დიდ სპოილერს მოიცავს. კომპანიას მოდელის უკანა მხარე არ უჩვენებია, თუმცა მაღალი ალბათობით, მანქანას დიფუზორიანი უკანა ბამპერი უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, არაფერია ნახსენები ძალოვანი აგრეგატის გაძლიერებაზე. თუმცა, დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

Wald-ის Prado-ს რომელ შეიძენდით? უგზოობისთვის მომზადებულს თუ სპორტულს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: