მისტერ ბინის Peugeot 205 GTI გასაყიდადაა გამოტანილი
ავტომობილმა მისტერ ბინის საკუთრებაში მხოლოდ 500-მდე კილომეტრი დაფარა და იდეალურ მდგომარეობაშია.
ეს Peugeot 205 GTI ერთ დროს მისტერ ბინის როლის შემსრულებელ მსახიობ როუენ ატკინსონს ეკუთვნოდა. მანქანა, რომელიც საავტომობილო ბრწყინვალების ერთ-ერთი მაგალითია, ამჟამად, აუქციონზეა გამოტანილი და ახალ მფლობელს ელოდება.
ლეგენდარული მისტერ ბინის საკუთრებაში ავტომობილს მხოლოდ 482 კილომეტრი აქვს გავლილი. და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, ამ მოდელის გარბენი 114 000 კილომეტრს აღემატება, მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია. თითქმის ახალივით გამოიყურება, როგორც მანქანის Alpine White ფერის ექსტერიერი, ასევე ალუმინის დისკები.
რაც შეეხება Peugeot-ს შესაძლებლობებს: მანქანის კაპოტქვეშ 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც 115 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-ს 9.8 წამში ავითარებს და 195 კილომეტრ/საათს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები, თანამედროვე ავტომობილებთან შედარებით, შესაძლოა მოკრძალებულად ჩანდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა დაახლოებით 850 კილოგრამს იწონის, ის ნამდვილად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო „ცხელ ჰეჩბეკად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
განსაკუთრებით თვალშისაცემი კი მანქანის ინტერიერია. წითელი ზოლიანი ნაჭრის სავარძლებითა და ხავერდოვანი ხალიჩებით დაწყებული, საჭის ვიზუალური მდგომარეობით დასრულებული: ინტერიერის თითოეული ნაწილი ქმნის ერთიან შთაბეჭდილებას, რომ ეს ავტომობილი სადილეროდან სულ ახალი გამოყვანილია.
აუქციონის ვებგვერდზე Peugeot 205 GTI-ის ფასი ჯერ-ჯერობით მითითებული არაა. თუმცა, თუ მსგავსი მაგალითებით ვიმსჯელებთ, მანქანის სავარაუდო ღირებულებად აუქციონზე $25 ათასიდან $40 ათასამდე დიაპაზონი შეგვიძლია განვსაზღვროთ.